შამბა: “გარკვეულ ძალებს“ ჩრდილოეთ კავკასიის დაძაბულობის აფხაზეთში გადმოტანა სურთ

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს გუდაუთაში მდებარე მეჩეთის წინ მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაძაბულობის აფხაზეთში გადმოტანის კიდევ ერთი მცდელობაა.   

"ეს და წინა შემთხვევები, რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი, შეიძლება შეფასდეს როგორც მცდელობა გარკვეული ძალებისა აფხაზეთში გადმოიტანონ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ვიღაცას მიზანმიმართულად სურს ჩვენი ჩათრევა ამ კონფლიქტში. ამას ჩვენი მტრები აკეთებენ, რომელთაც უნდათ, პირველ რიგში, რუსეთთან დაგვაჯახონ,“ – განუცხადა შამბამ ადგილობრივ ტელეკომპანიას, თუმცა არ დაუზუსტებია ვის გულისხმობდა "გარკვეულ ძალებში“.

შამბამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში "კონფესიათაშორის კონფლიქტს“ ადგილი არ აქვს და 8 ოქტომბერს მომხდარ "შემზარავ“ თავდასხმას ამასთან არაფერი აქვს საერთო.

წინა შემთხვევებში შამბა, სავარაუდოდ, გულისხმობდა აფხაზეთის მუსლიმთა სასულიერო საბჭოს წევრის ემიკ ჩაკმაჩ-ოღლის მკვლელობას, რომელიც 2010 წლის 17 ივლისს გაგრაში საკუთარ სახლში მოკლეს. იმავე თვეს, სოხუმის მეჩეთის იმამმა განაცხადა, რომ ის სიკვდილს გადაურჩა მას შემდეგ, რაც საკუთარ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. 2007 წლის 17 აგვისტოს კი გუდაუთას მეჩეთის იმამი ხამზათ გიცბა გუდაუთაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

შამბამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს ამ ბოლო თავდასხმის გამოსაძიებლად, თუმცა მან ასევე დასძინა: "ამგვარი დანაშაულების გახსნა ძალიან რთული პროცესია“.

This post is also available in: Русский

Exit mobile version