ახალი ხელმძღვანელობის პირობებში პოლონეთმა შესაძლოა შეცვალოს საქართველოს მხარდაჭერის "ფორმები და სტილი“, მაგრამ ორ ქვეყანას შორის "ურთიერთობები ძირეულად არ შეიცვლება“, განაცხადა საქართველოს ელჩმა პოლონეთში კონსტანტინე ქავთარაძემ 7 სექტემბერს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ, აგვისტოში პოლონურ გაზეთ "რეჩპოსპოლიტა“–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მისი მხარდაჭერის ისეთივე იმედი არ უნდა ჰქონდეს, როგორიც მისი წინამორბედის, აწ გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკის დროს ჰქონდა. "მე არ წავალ საზღვარგარეთ მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ასე მოუნდა,“– განაცხადა მან.
“პრეზიდენტ კაჩინსკის მხარდამჭერი პოლიტიკის ფონზე, შეიძლება შეიცვალოს ამ მხარდაჭერის გამოხატვის ფორმები და სტილი, ერთგვარი, ამ მხარდაჭერის, მაგრამ ძირეული ურთიერთობები – სტრატეგიული ურთიერთობა, სავარაუდოდ, ცვლილებას არ განიცდის,“– განუცხადა ელჩმა ქავთარაძემ ჟურნალისტებს თბილისში და აღნიშნა, რომ "ამას აქვს სამი ძირითადი საფუძველი:
“პირველი არის ის, რომ პოლონეთის კონსტიტუციის შესაბამისად საგარეო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს პოლონეთის მთავრობა; როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე წლის მარტში და ივლისში პრემიერ–მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების დროს მათ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ;“
“მეორე საფუძველი ამისა არის ის, რომ თავად კომოროვსკის სეიმის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში არაერთხელ დაუფიქსირებია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, თუნდაც გავიხსენოთ 2008 წლის სეიმის დადგენილება საქართველოს მხარდამჭერი, რომელიც კომოროვსკის ინიციატივით იქნა მიღებული;"
"და მესამე და უმთავრესი საფუძველი ქართულ–პოლონური ურთიერთობებისა, ეს არის პოლონური საზოგადოების კეთილგანწყობა და სოლიდარობა; და ეს არის ქართველი და პოლონელი ერების ურთიერთობა და თანამშრომლობა. ეს გვაძლევს საფუძველს იმისას, ვთქვათ, რომ სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის მომავალშიც გაგრძელდება".
პოლონურ გაზეთთან ინტერვიუში პრეზიდენტმა კომოროვსკიმ ასევე განაცხადა, რომ ვარშავა დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. მან გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რადგან ასეთი ქმედება „არასასურველია რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევის თვალსაზრისით“. „მაგრამ ეს ეხება ორივე მოთამაშეს, მათ შორის ქართველებს,“– დასძინა მან.
This post is also available in: Русский