შამბა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებების შესახებ

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა 23 აგვისტოს, რომ მართალია სოხუმმა დაიწუნა მოსკოვის შეთავაზებული ”აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლების აღდგენაზე მომუშავე ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისიის კონცეფცია,” სოხუმი არ ამბობს უარს თავად საკუთრების უფლებების საკითხის განხილვაზე.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აფხაზეთში უთანხმოების წყარო, რაც ადგილობრივმა გაზეთმა „ნუჟნაია“ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ”ანტი-სახელმწიფოებრივ და ანტი-აფხაზურ” ქმედებებში დაადანაშაულა „აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლების აღდგენაზე მომუშავე ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისიის კონცეფციის” შესახებ წინადადების განხილვის გამო. სტატიაში ნათქვამია, რომ კონცეფცია ათასობით იმ ქართველის დაბრუნებას გაუხსნის გზას, რომელთაც აფხაზეთი 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვეს და რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ და რუსული პასპორტები აქვთ.   

20 აგვისტოს შამბამ გაზეთის ბრალდებას „ცილისწამება“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყებიდან მიღებულ პროექტზე „მაშინვე უარი ითქვა, ვინაიდან ის განხილვის ღირსად არ ჩაითვალა“.

23 აგვისტოს შამბა კვლავ მიუბრუნდა საკითხს და განაცხადა, რომ სოხუმს ესმის, რომ საკითხს მოგვარება ესაჭიროება, თუმცა მას დეტალური განხილვაც სჭირდება, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური ქართველების დაბრუნება.

„ომის დროს ძალიან ბევრი სახლი განადგურდა. ჭერის გარეშე დარჩენილი ხალხი იძულებული გახდა ცარიელ სახლებში დასახლებულიყო… ყველაფერმა ამან პრობლემები შექმნა, რაც ახლა უნდა მოვაგვაროთ,“– იტყობინება „აფსნიპრესი“ შამბას სიტყვებზე დაყრდნობით 23 აგვისტოს.

„ჩვენ ახლა შევისწავლით საკითხებს ყოფილი მფლობელებისთვის ზოგიერთი დაკავებული სახლის და ბინის დაბრუნების თაობაზე. ამ საკითხების მაშინვე მოგვარება შეუძლებელია, რადგანაც რუსეთის მოქალაქეობა არა მხოლოდ რუსებს, არამედ ომში მონაწილე ბევრ ქართველ დევნილსაც აქვს. არსებობს ხალხი, რომელთა გზაც აფხაზეთისკენ დახურულია,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, ქონების შესახებ დავები „ძალიან რთული და მტკივნეულია“ და თითოეული ასეთი საქმე „ცალკე აღებულად და დეტალურად“ უნდა იქნას შესწავლილი.

„ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა და უზენაესი სასამართლო ყველა ამ მასალას შეისწავლიან. როდესაც ისინი დაასრულებენ თავიანთ საქმეს, შეიქმნება რუსულ–აფხაზური შერეული კომისია, რომელიც ქონებრივი უფლებების დარღვევის საკითხს განიხილავს,“ – განაცხადა შამბამ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვის მიერ წარდგენილი კონცეფცია ერთობლივ კომისიასთან დაკავშირებით, „მიუღებელია“.

„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დავთანხმდებით რუსეთის მოქალაქეებს თავიანთი ქონება დავუბრუნოთ ყოველგვარი დათქმების გარეშე. ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება იმ ქართველ დევნილებთან, რომლებიც ომის შემდეგ რუსეთში ცხოვრობენ და რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, მათთან, ვინც ომის დროს ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა იარაღით ხელში,“ – განაცხადა შამბამ.

„ვიღაცას ასეთი მიდგომა მკრეხელურად მოეჩვენება: ‘როგორ შეიძლება ადამიანის უფლების დარღვევა?’ მაგრამ ეს ხომ სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკის შედეგი იყო, რამაც ქართული–აფხაზური კონფლიქტი და შემდგომი ომი გამოიწვია. ამ პოლიტიკამ გამოიწვია ანტაგონიზმი ქართულ ეთნოსსა და აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ხალხებს შორის. და აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნება აუცილებლად გამოიწვევს ახალ კონფლიქტურ სიტუაციას, ახალ ომამდე მიგვიყვანს… ერთი ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტით, ჩვენ ახალ პრობლემებს შევუქმნით ჩვენ ბავშვებს, რაც დაუშვებელია,“ – განაცხადა მან.

„ჩვენ დავაბრუნეთ დევნილები გალის რაიონში,“ – დასძინა მან. „მაგრამ აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მათი დაბრუნებით ჩვენ ახალ კონფლიქტებს და ჰუმანიტარულ კატასტროფას შევუწყობთ ხელს“.

„არ გვინდა, რომ ქართველ დევნილებთან დაკავშირებულმა საკითხებმა რუსეთთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობები დაჩრდილოს. შესაძლოა, ჩვენ ცოტათი გაგვეწელა ქონებრივი დავების განხილვა, მაგრამ გვინდოდა, რომ ზედმიწევნით გავცნობით თითოეულ საქმეს,“ – განაცხადა შამბამ.   

 

This post is also available in: Русский (რუსული)

Exit mobile version