პრეზიდენტი სააკაშვილი ერთდღიანი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შემავალ, კარიბის ზღვის კუნძულ არუბაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
კარიბის ზღვის სამხრეთით მდებარე ეს კუნძული, რომლის ფართობი 193 კვადრატული კილომეტრია, ნიდერლანდების სამეფოში ფართო ავტონომიით სარგებლობს და მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია.
“[პრემიერთან და გუბერნატორთან] შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს კარიბის რეგიონის ურთიერთობების თაობაზე სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან,“– იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური 11 აგვისტოს.
ლათინურ ამერიკაში პრეზიდენტი სააკაშვილი გასული კვირიდან იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიაში 7 აგვისტოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციას დაესწრო და ამავე ცერემონიალის ფარგლებში შეხვდა თავის კოლეგას დომინიკის რესპუბლიკიდან ლეონელ ფერნანდესს.