ახალი ამბები

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი – დღე, როდესაც 89 წლის წინ წითელი არმია თბილისში შემოვიდა – საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.

დადგენილება, რომელიც პარლამენტმა 21 ივლისს ერთხმად მიიღო, ავალებს მთავრობს ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც ”კომუნისტულმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

პარლამენტმა 21 ივლისს კიდევ ერთი დადგენილება მიიღო ერთხმად, რომლის თანახმადაც 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.  

ეს გადაწყვეტილება ეხმიანება ევროპარლამენტის მიერ 2008 წლის დეკლარაციას, რომლითაც 23 აგვისტო სტალინიზმის და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპულ დღედ გამოაცხადდა. იმ დღეს 1939 წელს, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი, რითაც მათ აღმოსავლეთ ევროპა გადაინაწილეს.

„მიუხედავად იმისა, რომ 1939 წლისთვის საქართველო უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული, ევროპის გავლენის სფეროებად გადანაწილებამ გაახანგრძლივა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა,“ – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button