ნოღაიდელი მიესალმება სააკაშვილის ინიციატივას რუსეთთან უპირობო დიალოგზე

მოსკოვიდან დაბრუნებული ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას რუსეთთან უპირობო მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე და განაცხადა, რომ იგი მორატორიუმს აცხადებს რუსეთის მმართველ პარტიასთან ამგვარ ურთიერთობებზე, რათა "სააკაშვილის ინიციატივისთვის ხელის შეშლა არ დაგვაბრალონ“.

“რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა იყოს ღია, საჯარო, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და არა ფარული და დახურული, როგორც ამას სააკაშვილი თავისი ემისრების მეშვეობით აკეთებს,“– განაცხადა მოძრაობა სამართალიანი საქართველოსთვის ლიდერმა 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

29 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა "ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ნორმალიზაციაზე“, თუმცა იქვე განმარტა, რომ „ეს ნორმალიზაცია“ გულისხმობს დევნილების დაბრუნებას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და "ყველა საკითხს, რაც ეხება ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ და სხვა ურთიერთობას“.

ნოღაიდელმა ასევე შეახსენა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ამგვარი ინიციატივის გამო ხელისუფლებამ მედიის დახმარებით "ქვეყნის მოღალატეებად" შერაცხა.

მან ასევე განაცხადა, რომ გარკვეული დროა საჭირო, რათა გაირკვეს, თუ სინამდვილეში რას ემსახურება პრეზიდენტის ინიციატივა – საქართველოს გაერთიანებას თუ მხოლოდ მისი ძალაუფლების შენარჩუნებას.

ნოღაიდელი ასევე მიესალმა რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებას თბილისსა და ცხინვალს შორის პირდაპირი დიალოგის გამართვის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში მაშინ ისაუბრა, როცა ის 5 ივლისს ზურაბ ნოღაიდელთან ერთად მეორე მსოფლიო ომის მუზეუმს სტუმრობდა და როცა მას ქართველმა ჟურნალისტებმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი თხოვეს.

“პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს გაერთიანების ფორმულა არის ოსებთან მოლაპარაკებების გამართვა და იქვე პირობა მოგვცა, რომ მოსკოვი ამ პროცესს ხელს არ შეუშლის,“– განაცხადა ნოღაიდელმა და დასძინა: "მისგან ასეთ განცხადებას არც კი ველოდი“.

“რუსეთმაც და ამერიკამაც გაგვიხსნეს კარი საქართველოს გასაერთიანებლად. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული,“– აღნიშნა მან და ხელისუფლებას სეპარატისტულ რეგიონებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.

იმავდროულად, მოსკოვიდან დაბრუნებულმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკრიტიკა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი იმ „მკაცრი ტონისა და პრეტენზიების“ გამო, რომლებიც ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატს უკავშირდებოდა.

“ჩვენთვის მიუღებელი იყო სიტყვიერო მტრობა რუსეთთან, ახლა სიტყვიერი მტრობა არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ უნდა დავიწყოთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონფრონტაციაში შესვლა საჭირო არ არის. ამერიკას ჩვენგან ჭკუის სწავლება არ სჭირდება. ეს კონტრპროდუქტულია,“– განაცხადა ნოღაიდელმა.

მისი ეს განცხადება მიმართული იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის მისამართით, რომელმაც 5 ივლისს უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ჰილარი კლინტონმა ცალკე შეხვედრა გამართა მხოლოდ ორ ოპოზიციურ ლიდერთან და სხვები არ მიიწვია. მან ასევე გააკრიტიკა იგი იმის გამოც, რომ სახელმწიფო მდივანმა "თავი აარიდა“ საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბარს, რაც "ბუნებრივია, გამოიწვევს გარკვეულ სკეპტიციზმს ამერიკის მხარდაჭერისა დემოკრატიის პროცესებთან დაკავშირებით“.

Exit mobile version