მშპ პირველ კვარტალში 4.5%–ით გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტლის მიმართ 4.5%–ზე დაფიქსირდა და ნომინალური 2.327 მილიარდი დოლარიდან 2.47 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა 2010 წლის პირველ კვარტალში, განაცხადა საქსტატმა 24 ივნისს.

2010 წლის იანვარ–მარტში მშპ–მ ერთ სულ მოსახლეზე 958.6 ლარი (556.9 აშშ დოლარი) შეადგინა – ეს უმაღლესი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის პირველ კვარტლებთან შედარებით, განაცხადა საქსტატმა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობისა (16%) და ვაჭრობის (16%) დარგები; შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კომუნიკაცია (13%); სახელიმწიფო მმართველობა (11%) და სოფლის მეურნეობა (10%).

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და თავდაპირველად მოსალოდნელი 2%–დან 4.5%–მდე გაზარდა. 18 ივნისს პარლამენტმა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიიღო ცვლილებები, რომელიც ხარჯების 230 მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს. მთავრობის თქმით, ხარჯების ზრდა შესაძლებელი გახდა დამატებით 150 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლების და ასევე საერთაშორისო დონორების, ძირითადად ევროკავშირიდან, დაფინანსების მიღების შედეგად.

საქსტატი იტყობინებოდა ივნისის შუა რიცხვებში, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის პირველ კვარტალში 41.5%–ით, 75.7 მილიონ ლარამდე შემცირდა.    

 

 

Exit mobile version