ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელიც მესამე ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიაა საქართველოში ნაციონალური მოძრაობის და ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ შემდეგ, 14 აგვისტოს დედაქალაქის ათი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან რვა რაიონში წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
გლდანში კენჭს იყრის ინგა გრიგოლია, თბილისი საკრებულოს წევრი და ყოფილი ჟურნალისტი. მას ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოდან კოლეგა ნიკო ხაჩირაშვილი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი დაუპირისპირდება.
სამგორში წარდგენილია ამჟამინდელი პარლამენტის წევრი მაგდა ანიკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ვიცე–სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის და „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ აბაშიძის წინააღმდეგ.
ისანში ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე იყრის კენჭს დაუპირისპირდება რა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და „ქართული ოცნებიდან“ ნუკრი ქანთარიას, „ქართული აკადემიის“ თანადამფუძნებელს.
ნაძალადევის რაიონში ქდმ–ს მაჟორიტარი კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია იქნება ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატ მერაბ სამადაშვილის და „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ.
საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ზაზა გაბუნია მისმა პარტიამ კრწანისში წარადგინა. ამ რაიონში ნაციონალური მოძრაობიდან მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ ვეტერანი სპორტსმენი შოთა ხაბარელი იყრის კენჭს.
ჩუღურეთის რაიონში ქდმ–დან კახა ბასილია იყრის კენჭს, რომელიც ამ რაიონში მაჟორიტარულ არჩევნებში ერთხელ უკვე დამარცხდა 2010 წლის შუალედურ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან ანდრო ალავიძესთან, რომელიც მმართველმა პარტიამ 1 ოქტომბრის არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად ხელახლა წარადგინა. ჩუღურეთში „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი ვიქტორ დოლიძე იყრის კენჭს.
ვაკის რაიონში ქდმ–მ მოჭადრაკე ნინო გურიელი დაასახელა, რომლის კონკურენტები მმართველი პარტიიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი და „ქართული ოცნებიდან“ ადვოკატი შალვა შავგულიძე იქნებიან.
მთაწმინდის ოლქში, სადაც ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატი არჩილ გეგენავა და „ქართული ოცნებიდან“ მსახიობი ზაზა პაპუაშვილი იბრძოლებენ მაჟორიტრული მანდატის მოსაპოვებლად, ქდმ–ს მაჟორიტარი კანდიდატი ფერია ანთია იქნება.
ქრისტიან–დემოკრატული მოძრაობა, რომელმაც თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს თბილისში პარტიული შეკრება გამართა, დედაქალაქის დარჩენილ ორ ოლქში – საბურთალოსა და დიდუბეში – კანდიდატებს მოგვიანებით დაასახელებს.
მაჟორიტარი დეპუტატები გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი პრინციპით ირჩევიან იმ პირობით, რომ კანდიდატმა ხმების 30% მაინც უნდა დააგროვოს, რათა პირველ ტურში გამარჯვებულად გამოცხადდეს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეეძლებათ მაჟორიტარად კენჭისყრა. საქართველოს მასშტაბით სულ 11–მა კანდიდატმა გამოთქვა სურვილი დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში ეყარა კენჭი, საიდანაც ცესკომ რეგისტრაციაში მხოლოდ 8 კანდიდატი გაატარა, მათ შორის ერთი თბილისის სამგორის ოლქში.