ქრისტიან-დემოკრატები ადგილობრივ არჩევნებში ”მყარ წარმატებაზე” საუბრობენ

ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ მათ ”მყარ” წარმატებას მიაღწიეს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე.

”თუკი რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია მყარი საფუძველი წარმატებაზე საუბრისა, ეს ვართ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციურ ფლანგზე ავიღეთ მყარი პირველი ადგილი,”- განაცხადა პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 31 მაისს პრესკონფერენციაზე.
 
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქრისტიან-დემოკრატები ქვეყნის მასშტაბით ჯერ-ჯერობით მეორე ადგილზე არიან ხმათა 11.87 %-ით [”ალიანსს” ქვეყნის მასშტაბით 11.13 % აქვს ამ ეტაპზე],  ხოლო თბილისში მესამე პოზიციაზე (11.52 %) გავიდნენ მმართველი პარტიისა (51.93 %) და ალიანსი საქართველოსთვის (18.81%) შემდეგ.

”ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქსა და რეგიონში, ფაქტობრივად გვაქვს მეორე ადგილი, ნაციონალური მოძრაობის, უფრო სწორედ სახელისუფლებო სისტემის შემდეგ, ”- განაცხადა თარგამაძემ.

”ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი შედეგი საქართველოს დედაქალაქში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაორმაგებული ენერგიით შევუტევთ იმ მანკიერ მხარეებს დღევანდელი ქართული ხელისუფლების მოქმედებებისა, რომელიც იყო მიუღებელი და არის მიუღებელი,”-  აღნიშნა მან. 

ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია პირველი იყო კონკურენტებს შორის, რომელმაც ჯერ კიდევ ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დაწყებამდე, 30 მაისს საღამოს მოქმედ მერს მმართველი პარტიიდან, გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა.

Exit mobile version