მრეწველთა პარტიის ლიდერი, გოგი თოფაძე დღეს პარტიის ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის.
გოგი თოფაძის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი დასაქმების პრობლემის მოგვარება, ასევე ”თბილისელებისთვის ღირსების” დაბრუნება იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველს არარეალურ დაპირებებს არ მისცემს.
ამდენად, თბილისის მერის პოსტისთვის ამ ეტაპზე დასახელებულები არიან ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია; ეროვნული საბჭოს კანდიდატი, კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური. ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია, შევარდნაძის მთავრობაში ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი.
ამათ გარდა, მერობის კანდიდატებად დასახელებულია, რამოდენიმე პირი, რომლებიც პოლიტიკაში ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ არ ჩანდნენ, ზოგიც პოლიტიკაში პირველად ამ არჩევნების წინ გამოჩნდნენ.
დეპუტატ გია თორთლაძის დემოკრატიული პარტიის სახელით კენჭს იყრის დავით იაკობიძე, 90-იან წლებში შევარდნაძის მთავრობის ყოფილი ფინანსთა მინისტრი.
კანდიდატებს შორის არის ნიკა ივანიშვილი, რომელიც 90-იან წლების ბოლოს საგზაო პოლიციას ხელმძღვანელობდა და მარტში დააფუძნა საკუთარი პოლიტიკური პარტია ”სახალხო დემოკრატები”. მერობის სურვილი გამოთქვა ასევე თამაზ ვაშაძემ, რომელიც თბილისის მერი მცირე ხნით, 19 წლის წინ იყო.
საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძეს ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის მერის საარჩევნო მარათონში ჩართვის შესახებ არ მიუღია.
თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იქნება. თუმცა ოფიციალურად ჯერ ის მერობის კანდიდატად არ წარუდგენიათ. უგულავამ განაცხადა, რომ საკუთარი კანდიდატურის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომდევნო კვირებში გააკეთებს.
მოქმედი საარჩევნო წესის მიხედვით, კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების უმეტესობას, თუმცა არანაკლებ 30%-ისა, იმარჯვებს არჩევნებში.
თბილისის მერობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება. არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა კი 20 მაისია.