ვარშალომიძე გილაურის მთავრობას აკრიტიკებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ 12 აპრილს გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის მთავრობა იმის გამო, რომ არ ხდება რეაგირება ავტონომიის მთავრობის თხოვნაზე ”დამატებითი ადმინისტრაციული უფლებამოსილებების” დელეგირებასთან დაკავშირებით.

”არის შემთხვევები, როცა აჭარის რომელიმე სამინისტრო ვერ იღებს უმარტივეს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და ელოდება რომელიღაც თბილისელი ბიუროკრატის მიერ რომელიღაც მათთვის უცნობ დოკუმენტზე ხელმოწერას,”- განაცხადა ვარშალომიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

”ეს ყველაფერი უბრალოდ მიუღებელია, გაუმართლებელია და მართლაც აღმაშფოთებელია,”- აღნიშნა მან. 

ვარშალომიძის თქმით, ”გაუგებარია”, თუ რატომ დარჩა ნიკა გილაურის და სამინისტროების მხრიდან უპასუხოდ პირადად მისი წერილები, ”სადაც ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ ტექნიკური ფუნქციების აჭარის მთავრობაზე დელეგირება”.

ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის აპარატი.  

”საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ კვირაში, სავარაუდოდ ოთხშაბათს, მოუსმინოს ბატონ ლევან ვარშალომიძეს და მასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომლებზედაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საუბრობს. ამ შეხვედრაზე ყველა დასმული საკითხის დეტალური განხილვა და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა მოხდება,”- განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა.

ვარშალომიძის განცხადებამდე ხუთი დღით ადრე ტელეკომპანია ”იმედმა” გაუშვა სიუჟეტი ქვესათაურით ”ცენტრი და რეგიონი უფლებამოსილების გამიჯვნას ვერ ახერხებს”, რასაც წინ უძღოდა ”ქრონიკის” წამყვანის შესავალი სიტყვები: ”რა პრობლემები იქმნება ბათუმში სამთავრობო უყურადღებობის გამო”. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ 2009 წლის ივლისიდან აჭარის მთავრობიდან გამოგზავნილი წერილები გილაურის კაბინეტის მხრიდან ”იგნორირებულია”, რის გამოც ”ავტონომიის ოთხი სამინისტრო უფუნქციოდ არის დარჩენილი”. სიუჟეტის თანახმად, წერილებში ”ელემენტარულ” უფლებამოსილებათა დელეგირებაზეა საუბარი, მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტროს სურს დედაქალაქიდან მოიპოვოს უფლება თავად დაამტკიცოს სკოლებში საშტატო ერთეულები. 

გასულ აგვისტოს ტელეკომპანია ”იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს ნიკა გილაურსა და ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს ლაშა ჟვანიას შორის დაპირისპირების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version