პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ქავთარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ახალ ელჩად წარადგინა.
ქავთარაძე, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ახალ თანამდებობაზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. იგი 2004 წლიდან დეპუტატია.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში ამ პოსტზე მხოლოდ ორი თვე იმსახურა.
ივანე ნონიაშვილი, რომელიც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი იყო, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად 2009 წლის ნოემბერში დაამტკიცეს. თუმცა, 2010 წლის იანვარში მან გადადგომაზე განცხადება დაწერა, რისი მიზეზიც არ გახმოვანებულა.