ლევან გაჩეჩილაძემ, დაიცავი საქართველოს თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ ის მერობის მხოლოდ ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს გამოუცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას და არა რომელიმე ცალკე აღებულ მათგანს.
”თუ არ იქნება ერთი კანდიდატის გამოვლენის ფორმაზე შეთანხმება, მაშინ ურთულესია, ძალიან ძნელია რომელიმეს დავუჭირო მხარი,”- განაცხადა მან.
25 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე გადაცემაში ”თავისუფალი ტრიბუნა” საუბრისას, გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი მის კანდიდატურაზე შეთანხმდება, ის თანახმა იქნება კენჭი იყაროს თბილისის მერად.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით საერთოდ გაემიჯნოს საარჩევნო პროცესს.
”მე შესაძლებელია გადავწყვიტო, რომ როგორც ერთი, ჩვეულებრივი ამომრჩეველი მივიდე [არჩევნებზე] და ვისაც მე მინდა, ჩუმად, ჩემთვის, წყნარად, თუ ვერ დავინახე მე სააკაშვილის ხელისუფლების დამთავრების დასაწყისი, მივცე რომელიმე კანდიდატს ხმა,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში ერთი კანდიდატის გამოვლენა უნდა მოხდეს ოთხ პოლიტიკოსს შორის: კონსერვატორების ლიდერს ზვიად ძიძიგურს, ხალხის პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიასა და მრეწველთა პარტიის თავმჯდომარეს გოგი თოფაძეს შორის.
”ეს ოთხი ადამიანი უნდა შეთანხმდეს ფორმაზე როგორ უნდა მოხდეს [ერთი] კანდიდატის გამოვლენა,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ, თუმცა აქვე დასძინა: ”ერთ მხარესთანაც მაქვს კონსულტაციები და მეუბნება, რომ მე იმისი [სხვა კანდიდატის] გამარჯვების არ მჯერა და მეორე მხარესთანაც მაქვს კონსულტაცია და მეუბნება მე იმისი გამარჯვების არ მჯერა”.
ერთიან კანდიდატზე შეთანხმების უშედეგო პროცესის შემდეგ ირაკლი ალასანიამ დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანია დაიწყო, ხოლო ე.წ. პრაიმერის მომხრეთა ჯგუფმა, რომელშიც მერობის პოტენციურ კანდიდატებთან – ძიძიგურთან და დავითაშვილთან ერთად ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის შედის, განაცხადა, რომ თავიანთ კანდიდატს სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე 9 აპრილს გამოაცხადებენ. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ორ ჯგუფს შორის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება ნაკლებად მოსალოდნელია.
”ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება კანდიდატი, მთავარია იყოს ერთი,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ირაკლი ალასანიას, თუ სხვას, ყავს უფრო მეტი მხარდამჭერი, ყველას ყავს თავისი მხარდამჭერი და ამიტომ ერთი კანდიდატია საჭირო… თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ უფრო კრიტიკულები, ბევრად უფრო კრიტიკულები კობა [დავითაშვილი] და ზვიადი [ძიძიგური] არიან”.
გაჩეჩილაძის თქმით, მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს არა რეიტინგებით პირველი კანდიდატი, არამედ ”მე მაწყობს გამარჯვებული კანდიდატი”.
მან ასევე განაცხადა, რომ დღესდღეობით ოპოზიციაში ”დინამიკა არ არის” და ”ხალხს გამარჯვების იმედი არ აქვს,” რადგან ”ვერ გაიგო წავიდეს თუ არა არჩევნებზე და თუ წავიდეს, ვის მისცეს ხმა”.
”მე ჯერ-ჯერობით არ მომწონს ის კამპანიები, რასაც მე ვხედავ,”- აღნიშნა გაჩეჩილაძემ, ”მე ვერ ვხედავ გამარჯვებას და ვერც სიტყვებში ვხედავ როგორ ვუშვებთ მიშას”.
მან აქვე განაცხადა, რომ იზიარებს ყველა კონსტიტუციურ გზას ”რეჟიმის დამარცხებისთვის”.