თბილისის მერიას მეტი გამჭირვალეობისკენ მოუწოდებენ

”საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ თბილისის მერია საჯარო ინფორმაციას მალავს იმ ფონზე, როცა ”გიგი უგულავა და მისი გუნდი” აცხადებენ, რომ ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის პრინციპებით საქმიანობენ.

18 მარტს ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” ორ თვეზე მეტი ხნის წინათ, მერიის ახალი შენობის შეკეთებისას დახარჯული თანხების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში მერიისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა, რადგან ”არსებობდა დიდი მითქმა-მოთქმა მერიის შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საჯარო ფინანსების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით.”

თუმცა ორგანიზაციის განცხადებით, მათ პასუხი მერიისგან  კანონით დადგენილ ვადაში ვერ მიიღეს, რაც ”საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის პირდაპირი დარღვევაა.”

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როცა თბილისის მერია ”იგნორირებას უწევს” ”საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს”, ისევე როგორც სხვა მეთვალყურე ორგანიზაციების თხოვნას საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ. 

Exit mobile version