პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა კვირას, რომ ტელეკომპანია ”იმედის” გამოგონილი სიუჟეტები, ”მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან”.
ბოლნისის რაიონში, ადგილობრივებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”გუშინდელი ფილმი იყო არასასიამოვნო” და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიამ მოკლე გაფრთხილება გააკეთა, რომ ეს იყო ”ინსცენირება”, მთელი რეპორტაჟის მსვლელობაში ეკრანზე უნდა ყოფილიყო გამაფრთხილებელი წარწერა.
”მაგრამ მთავარი უსიამოვნება – და მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს – გუშინდელი რეპორტაჟის იყო იმაში, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლო იყო იმასთან, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს, ან რაც აქვს თავის ტვინში საქართველოს მტერს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მტერმა დაიწყო ”მართლა ცუდი ფილმის ჩვენება” 2008 წლის აგვისტოში, ”მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ ეს ფილმი”.
”ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ მთავარი რეჟისორი ზის და ისევ წერს სცენარებს და ეს სცენარები, სამწუხაროდ, ახლოს არის იმასთან, რაც გუშინ გვაჩვენეს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
თავის გამოსვლაში მან ასევე ახსენა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა მოსკოვში. ”იმედის” მიერ გამოგონილ სიუჟეტებში ბურჯანაძე და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მთავარ მოქმედ გმირებს შორის იყვნენ. დადგმული რეპორტაჟის თანახმად, სწორედ ისინი იყვნენ თბილისში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობების მთავარი ორგანიზატორები, რასაც შემდეგ ვითომდა რუსული ინტერვენცია მოყვა.
”საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის სისხლში ამოსვრილი ადამიანის ხელის ჩამომრთმევს არ შეიძლება გააჩნდეს ღირსება და არასდროს არავინ საქართველოში არ მიაგებს მას პატივს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ამ ჩვენ ორ ღირსებააყრილ ქართველთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთი დახურულ თათბირზე განაცხადა: ’ხომ გეუბნებოდით, ქართველებს დიდხანს არაფერზე კონცენტრირება არ შეუძლიათ სიმღერის და ცეკვის გარდა’. აი, ეს არის ამ ყველაფრის [პუტინთან შეხვედრების] შედეგი,” – განაცხადა სააკაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა კატეგორიულად დაგმეს ”იმედის” დადგმული რეპორტაჟები; ზოგიერთმა მათგანმა ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ხელისუფლების, კერძოდ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკვეთა იყო. ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელია პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე – მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მთავრობის ყოფილი წევრი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გენმდივანი გიორგი არველაძე.
პრეზიდენტისგან განსხვავებით, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უფრო მკაცრად დაგმეს ”იმედის” ეთერით გასული სიუჟეტები.
”ჩვენ იმის სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენი ენდოს საქართველოს და ამ ფონზე რატომღაც ხდება პროპაგანდირება იმისა, რომ საქართველო არის ომის საფრთხის ქვეშ და ეს ომი პრაქტიკულად არის გარდაუვალი. ამის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ნამდვილად არ აისახება დადებითად,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.
”არანაირი ხელისუფლების პროპაგანდის შედეგი ეს არ არის. ვინც ამაზე საუბრობს, ის ცდილობს, რომ ამ ერთი სიუჟეტიდან საკუთარი პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, ერთის მხრივ, და დააზიანოს ხელისუფლება, მეორეს მხრივ. სინადვილეში, ხელისუფლება კატეგორიულად წინააღმდეგია ასეთი რეპორტაჟების გაშვების და ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ განვითარდეს,” – განაცხადა მან.
”ეს უნდა შეფასდეს, როგორც უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გადაცემის მომზადების საკითხისადმი. ეს არ არის კონკრეტული ჟურნალისტის მიზეზით, მე ვფიქრობ, რომ აქ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ და იმ ნაწილმა, რომელიც ჩართული იყო გადაცემის მომზადებაში, დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა,”- განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.
”ძალიან არაეთიკური რამ იყო. აბსოლუტურად უპასუხისმგებლო რამ იყო. აბსოლუტურად დაუშვებელია ადამიანების გრძნობების და ემოციების ჟონგლირება,” – განაცხადა დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა.