საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი ახალი წევრი უნდა შეირჩეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ერთი წევრის შერჩევის მიზნით იანვარში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა, ხოლო მეორე ვაკანსიაზე კონკურსი 2 მარტს გამოცხადდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ Civil.ge-ს განუმარტა, მარტში კონკურსის გამოცხადება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მამუკა ფაჩუაშვილს, რომელიც 2008 წელს იქნა არჩეული საბჭოს წევრად, უფლებამოსილების ვადა 28 თებერვალს ამოეწურა. 

პოტენციურმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადები ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიტანონ. კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი კონკურსანტებიდან სამ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს, საიდანაც დეპუტატები ერთს აირჩევენ.

ამდენად, 15-წევრიან საბჭოში ამჟამად ორი ვაკანტური ადგილია შესავსები. მეორე ვაკანსია საბჭოში იანვარში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილი წევრი, ზურაბ ხარატიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

Exit mobile version