ეროვნული ფორუმისთვის ”ერთიანობის იდეით დაშანტაჟება” მიუღებელია

ეროვნულმა ფორუმმა გააკრიტიკა ოპოზიციის ნაწილის მოწოდებები თბილისის მერობის ”მითიური საერთო კანდიდატის” ირგვლივ გაერთიანებისკენ და მას საზოგადოების ”დაშანტაჟების” მცდელობა უწოდა.

”ყველაფერს აქვს საზღვარი,”- განაცხადა ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მისასალმებელია საზოგადოების სურვილი გაერთიანებისა, მაგრამ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საკითხის ასე დაყენება, საზოგადოების დაშანტაჟებას უფრო ჰგავს ერთიანობის იდეით, ვიდრე რეალური ერთიანობის მოთხოვნას”.

მისი თქმით, დაუშვებელია ფუჭი იმედების გაღვივება საზოგადოებაში, რადგან შარშანდელი გაზაფხულის აქციების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის მორიგი გაერთიანება გამარჯვების ნაცვლად, ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას და საზოგადოებაში იმედგაცრუებას გამოიწვევს.

შარტავას თქმით, ერთიანი კანდიდატი უკვე გამოკვეთილი იყო ირაკლი ალასანიას სახით და ის პირდაპირ უნდა დაესახელებინათ.

24 თებერვალს ოთხმა ოპოზიციურ პარტიამ და საზოგადოების ნაწილმა ”ერთიანობის” სადემონსტრაციო შეხვედრა გამართეს და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრსაც მოუწოდეს მერობის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ირგვლივ გაერთიანებისკენ. ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კონსერვატორების და ხალხის პარტიის ლიდერებმა, ასევე მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. ნოღაიდელმა ამ უკანასკნელს და ირაკლი ალასანიას მადლობა გადაუხადა ”ერთობის” მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის.

”ეროვნულ ფორუმს ნურავინ მიეპატიჟება იქ, სადაც მისვლისთვის მადლობა უნდა გადაგვიხადოს ზურაბ ნოღაიდელმა, კრემლმა, პუტინმა და ა.შ.”- განაცხადა კახა შარტავამ, ”როდესაც ერთმანეთს ვეძახით და ვიბარებთ სადღაც, კარგად გავითვალისწინოთ სად ვდგავართ”.

ამ პოზიციით ეროვნული ფორუმმა გაიზიარა ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების შეხედულება ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობის დაუშვებლობის შესახებ – სწორედ ეს საკითხი გახდა ალიანსი საქართველოსთვის შიგნით უთანხმოების მიზეზი.

”საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შიდა ცვლილება, საგარეო ორიენტირების გამოკვეთა ვერ იქნება დამოკიდებული რამე ”პრო” ინტერესებზე, ერთადერთი განმსაზღვრელი გახლავთ ეროვნული ინტერესები,”- განაცხადა შარტავამ.

ეროვნული ფორუმი მაისში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ანალოგიური პოზიცია აქვთ ლეიბორისტებს და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას – ერთიანი საქართველოსთვის.  

Exit mobile version