ბაღაფში ყველა ქართველი დევნილის აფხაზეთში დაბრუნებას არ აპირებს

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი არ აპირებს ყველა ქართველი დევნილის უკან დაბრუნებას, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

მისი თქმით, 90-იანი წლების ომის შემდეგ დევნილები დაბრუნდნენ გალში, თუმცა დანარჩენი დევნილების დაბრუნება ”პრობლემატურია”.

”ჩვენ არ წავალთ ამ ვარიანტზე, რათა ხვალ ისევ არ დაიწყოს ომი. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, როცა საკუთარ ქვეყანაში 17% ვიყავით, რის გამოც ჩვენი განადგურება უნდოდათ,”- განაცხადა მან მოსკოვში, რუსეთის საგარეო უწყების საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

თბილისთან ურთიერთობებზე საუბრისას ბაღაფშმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ”ჩინეთის კედელს” არავინ ააშენებს.

სერგეი ბაღაფშმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბელორუსი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს და ამ გზით სოხუმი შეძლებს რუსეთ-ბელორუსის კავშირში, ხოლო შემდგომ ეტაპზე უკვე რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

”რაც შეეხება შემდგომ აღიარებას, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენ ამაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეხმარება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმეს აღიარება ვთხოვოთ”- განაცხადა ბაღაფშმა.

სეპარატისტი ლიდერი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გეგმავს შეხვედრას. დაგეგმილია რუსული სამხედრო ბაზების რეგიონში განლაგებისა და ასევე პირდაპირი საჰაეროს მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება.

Exit mobile version