რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი ”ხანმოკლე ვიზიტით” საქართველოს ეწვევა, რათა ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციასთან საქართველოს თანამშრომლობა და მისი წვლილი განიხილოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტეინბერგმა თბილისში 5 თებერვალს.

საქართველოდან გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას სტეინბერგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე ამ უკანასკნელმა ”ახსენა” შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომ საქართველოს ტერიტორია ავღანეთში იარაღის მიწოდების მარშრუტად იქნას გამოყენებული.

”მე მას ვუთხარი, რომ ეს საკითხი პენტაგონთან უნდა განიხილოს… და მოვუწოდე მას, რომ ამ თემაზე პენტაგონში შესაბამის ხალხს დაელაპარაკოს,” – განაცხადა სტეინბერგმა.

იანვრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს შეთავაზების საქმის კურსშია, თუმცა ეს საკითხი სიღრმისეულად ჯერ არ განუხილავთ. 

სტეინბერგმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მადლიერია საქართველოს მზადყოფნისა მხარი დაუჭიროს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციას. საქართველომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობისთვის ასეული გააგზავნა და გაზაფხულზე ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს.

თბილისში ხანმოკლე ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე 5 თებერვალს ოპოზიციის ოთხ ლიდერს და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. თბილისიდან იგი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი დაემთხვა იმ დროს, როდესაც სრულდება ჩვენ მიერ 1 მილიარდიანი დახმარების შესახებ მოცემული პირობის შესრულება… ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია განვახორციელოთ ამ დახმარების ფარგლებში უკანასკნელი ტრანშის გადმორიცხვა,”- განაცხადა მან. 

მისი თქმით, უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა აშშ-ის საქართველოსადმი დახმარების ”მნიშვნელოვანი კომპონენტია”.

”ჩვენ გაგვაჩნია ძლიერი ვალდებულება საქართველოს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ,” – დასძინა მან.

სტეინბერგმა, რომელიც თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა, ასევე განაცხადა, რომ მან საქართველოსთან პრეზიდენტთან რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი განიხილა. სტეინბერგთან ერთად თბილისში ასევე იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი.
  

This post is also available in: English Русский

Exit mobile version