ნოღაიდელი რუსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 9 თებერვალს მოსკოვში რუსეთის მმართველ პარტიასთან, ”ედინაია როსიასთან” თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, იტყობინება ნოღაიდელის პარტია 5 თებერვალს.

ორ პარტიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რუსეთის მმართველი პარტიის სახელით მისი თავმჯდომარე, სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი მოაწერს ხელს.

პარტიები ”ისწრაფვიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში”, – ნათქვამია ხელშეკრულების ტექსტში, რომელიც ნოღაიდელის პარტიამ გამოაქვეყნა.

ორი პარტია ასევე შეთანხმდება რეგულარული კონსულტაციები გამართონ და ”გაცვალონ ინფორმაციები” საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე ”აქტუალურ საკითხებზე”, ასევე ორმხრივ და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ხელშეკრულების ტექსტის თანახმად, მხარეები ასევე ”გააცნობენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას: პარტიული მშენებლობის, საორგანიზაციო მუშაობის, საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის, კადრების სწავლებისა და მომზადების, საგამომცემლო საქმიანობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების, ახალგაზრდული პოლიტიკის, საერთაშორისო კავშირების და სხვა სფეროებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს”.

”მხარეები რეგულარულად მოახდენენ პარტიული დელეგაციების გაცვლას სხვადასხვა დონეებზე, გამართავენ ექსპერტებთან შეხვედრებს, ასევე, სხვა ორმხრივ ღონისძიებებს,” – ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში. 

”პარტიათაშორისი კავშირები უნდა წარმოადგენდნენ რუსულ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მათ ნორმალიზებას,” – ნათქვამია ხელშეკრულებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ პარტიათა შორის თანამშრომლობა ეფუძნება ”დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, ურთიერთპატივიცემის, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის და პარტნიორობის პრინციპებს”.

 

This post is also available in: English Русский

Exit mobile version