აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი 4-5 თებერვალს კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სტეინბერგი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
მასთან ერთად ჩამოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი.
"ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხილვა," – განაცხადა აშშ-ს საელჩომ თბილისში.
2 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ”უშუალოდ პრეზიდენტს შეხვდება და ის გაახმოვანებს საქართველოსათვის ამერიკის ეკონომიკური დახმარების ახლად დამტკიცებული პაკეტის შინაარსს”.
კავკასიური ტურნეს შემდეგ სტეინბერგი 5 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრება.
მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი გადატვირთული გრაფიკის გამო მიუნხენის კონფერენციას ვერ დაესწრება. საქართველოს ამ კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენს.