პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა საჭირო ოთხი ხმა იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც ცესკოში არიან წარმოდგენილი; შესაბამისად, არჩევის პროცედურა უკვე პარლამენტში ინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მიიღებს.
ცესკოში წარმოდგენილი ექვსი ოპოზიციური პარტიიდან დღეს გამართულ სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ოთხმა წევრმა მიიღო ქრისტიან-დემოკრატიული, ჩვენ თვითონ; მრეწველების და ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან, თუმცა ფარული კენჭისყრის შედეგად ვერცერთი კანდიდატი ვერ გავიდა.
სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ ცესკოში ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებს.
ცესკოს ოპოზიციურ წევრთა განცხადებით, მათთვის სამივე კანდიდატი – ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2007 წლიდან ცესკოს თავმჯდომარე იყო და ამჟამადაც მოვალეობას ასრულებს; ზურაბ ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; და ოთარ სიჭინავა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – არ იყო მისაღები და ამდენად, მათ არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ.
”ეს სამი კანდიდატურა ჩემთვის კულუარულად ცნობილი იყო ჯერ კიდევ სამი კვირის წინ [ოფიციალურად კანდიდატები 12 იანვარს დასახელდნენ],”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ცესკოში ზურაბ მარაქველიძემ, რომელმაც სამივე კანდიდატი გადახაზა ბიულეტენში.
კანონით დადგენილი ახალი ვადებით, პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს არსებული სამი კანდიდატიდან 21 იანვრამდე აირჩევს.