აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის 146 121 მოსახლე, რაც მათი თქმით, რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 90%-ს შეადგენს, აფხაზური პასპორტების მფლობელები არიან, იტყობინება ”აფსნიპრესი” 7 დეკემბერს.
სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო და სავიზო სამსახურის უფროსმა ვალერი მალიამ განაცხადა, რომ აფხაზური პასპორტები რეგიონში მცხოვრებ 73 622 ეთნიკურ აფხაზზე; 32 363 – სომეხზე; 17 795 – რუსზე და 12 156 – ქართველზე გაიცა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, გალის რაიონში 45 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.
მოქალაქეობის შესახებ სეპარატისტული რეგიონის კანონი ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან.