ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში გაიმართება

3 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ბრიუსელში 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ალიანსის მიერ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადება და აღნიშნა: ”ისინი [საქართველო და უკრაინა] გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც ისინი დააკმაყოფილებენ სტანდარტებს და თუ ამის სურვილი ექნებათ”.

მისი თქმით, კომისიის შეხვედრაზე განხილული იქნება ის ”პროგრესი რეფორმების განხორციელებაში, რომელთა მხარდაჭერასაც ნატო განაგრძობს”. რასმუსენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ”იმ მნიშვნელოვანი კონტინგენტის გამო, რომელსაც ის ავღანეთში აგზავნის”.

ნოემბერში საქართველომ სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული გააგზავნა ავღანეთში, ხოლო მომავალ წელს თავისი კონტინგენტის დაახლოებით 800 სამხედრომდე გაზრდას აპირებს. 

ბრიუსელში 3-4 დეკემბერს დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი თემა ავღანეთი იქნება.

 

ასევე იგეგმება ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

 

პრეს-კონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ მინისტრების შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ”ნატო-ს ღია კარის” პოლიტიკაც იქნება, კერძოდ კი მონტენეგროსთვის და ბოსნია-ჰერცოგოვინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი.



 

This post is also available in: English Русский

Exit mobile version