დეპუტატები მმართველი პარტიიდან თომას ჰამარბერგს უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი იმის გამო, რომ მან არ მოახდინა არავითარი რეაგირება ოთხი ქართველი მოზარდის დაკავებაზე, რომლებიც 4 ნოემბრიდან ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.

”ასეთი მოქმედება პირველ რიგში ზიანს აყენებს ევროპის საბჭოს და კითხვის ნიშნებს სვამს ევროპის საბჭოს სანდოობაზე,”- განაცხადა მინაშვილმა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ”ძალიან სასწრაფოდ არის საჭირო რეაგირება, რომ ამ ადამიანმა ან მოქმედება განახორციელოს ან ეს ადამიანი უნდა შეიცვალოს”. 

მისი თქმით,  ყველა იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება რუსეთს, ”ყოველთვის ეს ადამიანი არჩევს თავის შეკავების პოზიციას”. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მისი კოლეგის ამ განცხადებებზე გამოხმაურებისას ასევე განაცხადა, რომ თომას ჰამარბერგის უმოქმედობა ბუნებრივად იწვევს ”ნეგატიურ შეფასებებს”.

”ერთის მხრივ არ უნდა გამოჩნდეს ის, რომ საქართველო დაინტერესებულია ნებისმიერი ფორმით ევროსაბჭოსთან ან ადამიანის უფლებათა კომისართან დაპირისპირებით, მაგრამ ამავე დროს კარგად უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ეს მართლაც არის ტესტი – თუ ევროსაბჭოს, ბატონ ჰამარბერგს თუ მის კოლეგებს სურთ, რომ ჰქონდეთ ნდობა… ეს საქმე, ეს შემთხვევა არის მართლაც ტესტი, როდესაც ყველამ უნდა მაქსიმუმი გააკეთოს საკუთარი ძალისმევის,”- განაცხადა ბაქრაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. 

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ სამუელ ჟბოგარმა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 16 ნოემბერს გამოქვეყნდა, მოზარდების ”ხანგრძლივი” დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვეს და მათი დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდნენ 18 ნოემბერს საქართველო-რუსეთის ომზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მათიას იორში და ლუკ ვან დერ ბრანდე. “ამ ახალგაზრდების დატყვევება და გახანგრძლივებული დაკავება მხოლოდ გაზრდის დაძაბულობასა და შუღლს ესოდენ მწვავედ დაპირისპირებული რეგიონის ხალხებს შორის,”- განაცხადეს თანამომხსენებლებმა. 

დღესვე, საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას მოუწოდა ევროკავშირს ”უფრო მეტად გააქტიუროს მუშაობა” ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლების მიზნით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version