ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმა ევროკავშირის განცხადებას ქართველ მოზარდებზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე 13 ნოემბერს, რომ ევროკავშირის განცხადება ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების შესახებ იყო დაგვიანებული, თუმცა ”მკვეთრი”.

”მივესალმებით იმას, რომ დღეს ევროკავშირმა, რა თქმა უნდა, დაგვიანებით, მაგრამ გააკეთა მკვეთრი განცხადება, რომელშიც მოითხოვა ქართველი მოზარდების უპირობო განთავისუფლება – ბავშვების, რომლებიც მიდიოდნენ ერთ-ერთი ბავშვის ავადმყოფ მამასთან იმ ბავშვის სახლში, საიდანაც 2008 წელს გამოაძევეს. ამაზე მეტი ცინიზმი, ამაზე მეტად აბუჩად აგდება ყველანაირი ადამიანური ნორმის, რასაც ოკუპანტი დღეს საქართველოს ტერიტორიაზე სჩადის, დიდი ხანია არ გამიგია ამ რეგიონში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, შვედეთმა განაცხადა 12 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში, რომ ევროკავშირი ”ღრმადაა შეშფოთებული” ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების გამო და ”მოითხოვს ყველა დაკავებული პირის სწრაფ გათავისუფლებას”.

იმავე საკითხზე გაკეთებულ განცხადებაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 8 ნოემბერს ”ღრმა შეშფოთება” გამოთქვა ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების გამო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 9 ნოემბერს, რომ ეს განცხადება ”არ არის საკმარისი” და რომ მას ევროკავშირის ”უფრო ხმამაღალი რეაქცია” სურდა. მან ასევე განაცხადა 9 ნოემბერს, რომ იგი აპირებდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ტელეფონით საუბარს ამ საკითხზე. თუმცა, არც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და არც თეთრ სახლს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ ამგვარი საუბარი შედგა.   

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button