უშიშროების საბჭო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინადადებაა უახლოეს ხანებში, უშიშროების საბჭოს ფორმატში იქნას განხილული რუსეთთან ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის პრობლემატიკა.

”მე მქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან და სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ჩატარდეს უახლოეს დღეებში უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც  ვიმსჯელებთ სწორედ ლარსთან დაკავშირებულ თემებზე,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ პარლამენტის სხდომაზე, ”ეს არის გამოხმაურება ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივაზე”.

დილით, სესიაზე ნიკა ლალიაშვილმა ქრისტიან-დემოკრატებიდან დააყენა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია საზღვრის გახსნა ჩრდილოეთ კავკასიაში ”გამწვავებული” ვითარების ფონზე.  

ლალიაშვილი მიესალმა ბაქრაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო ”მისაღები” ფორმატია და ასეთ თემებზე, ”მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ”.

უშიშროების საბჭოს ფორმატში უკვე ორი შეხვედრა გაიმართა ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით. არასაპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობა ამ შეხვედრებს არ დასწრებია. 

Exit mobile version