ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუ 19 ოქტომბერს საღამოს საქართველოში ჩამოვიდა.
ვერშბოუ იმ სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელმაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო შეხვედრების პირველი რაუნდი უნდა დაიწყოს.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ქარტიით განსაზღვრულ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმუშავებენ: დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობები.
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვის რეფორმას, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში, აგრეთვე რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ეკა ტყეშელაშვილთან.