ახალკაცი გადადგომის მიზეზად ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას ასახელებს

ნოდარ ახალკაცმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, რადგან ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ”სახარბიელო შედეგი” ვერ აჩვენა.


აუდიო: ნაწყვეტი ახალკაცის განცხადებიდან

მისი თქმით ეროვნული ნაკრების წარუმატებლობამ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია და ”აქედან გამომდინარე, მე თავს უფლებას ვერ ვაძლევ, შევინარჩუნო ეს თანამდებობა.”

ბრიფინგზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ფედერაციის კომპეტეციაში ასევე შედის ახალგაზრდული ნაკრები და რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტ წარმატებას ქონდა ადგილი.

”საქართველოს ძალიან პერსპექტიული თაობა ეზრდება," – დასძინა ახალკაცმა.

ვარაუდები იმის შესახებ რომ ახალკაცი თანამდებობას დატოვებდა მას შემდეგ გაძლიერდა რაც რამოდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ”იმედმა” გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ფეხბურთის ფედერაციაში ”არამიზნობრივ ხარჯებზე.”

Exit mobile version