საქართველოს მოქალაქეებს, გასხვავებით სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეებისაგან, ეკრძალებათ რუსეთ-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრიდან რუსეთის ფედერაციაში შესვლა, იმის გამო, რომ 18 აგვისტოს საქართველომ ოფიციალურად დატოვა დსთ, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 17 სექტემბერს.
”განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს, რომ რუსეთის მხარეს არ შემოუღია და არც შემოიღებს სპეციალურ შეზღუდვებს,”- აცხადებს სამინისტრო, ”საუბარია ერთ გარდაუვალ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც მოჰყვა საქართველოს გამოსვლას დსთ-დან. გულწრფელად ვწუხვართ ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამ თვალსაზრისით წარმოქმნილ უხერხულობებთან დაკავშირებით”.
სამინისტრო ამ გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს ჩრდილოეთ კავკასიის ზოლში ”უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების წევრების, იარაღის შეტანისა და დივერსიის საშუალებების მოხვედრის წინააღმდეგ” დსთ-ს არაწევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე რუსეთის მთავრობის მიერ 1999 წელს დაწესებულ შეზღუდვებს.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს დადგენილება მასში შეტანილი ცვლილების საფუძველზე გამონაკლისის სახით არ ვრცელდება სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ასევე ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან მოძრავ სარკინიგზო შემადგენლობებზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგალური სახმელეთო გამშვები პუნქტებიდან პირდაპირი მიმოსვლა არ ხორციელდება რუსეთის მიერ 2006 წლის ივლისში ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის გამო; ასევე აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რომელიც მანამდეც, 2006 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის მარტამდე შეჩერებული იყო რუსეთის მიერ.