სოზარ სუბარს მომავალ საქმიანობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავს პოლიტიკაში წასვლას, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას უფრო უფლებადაცვითი საქმიანობა იზიდავს. სოზარ სუბარის უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს იწურება.

”პოლიტიკაში წასვლას არ გამოვრიცხავ, თუმცა უფრო მეტად უფლებადაცვითი საქმიანობისკენ მაქვს გეზი აღებული. ყველაფერი სექტემბრამდე გამოჩნდება,” – განაცხადა სუბარმა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 29 ივლისს გამოქვეყნდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ 28 ივლისს სახალხო დამცველის თანამდებობაზე გიორგი ტუღუშის კანდიდატურა დაასახელა . 

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომ მას ”ნაყოფიერი თანამშრომლობა” ჰქონდა ტუღუშთან წლების მანძილზე, რადგანაც ის ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობდა სხვადასხვა რანგში, მათ შორის საქართველოში ეუთოს მისიის ადამიანის უფლებათა ოფიცრის თანამდებობაზე.

”კარგი სპეციალისტია,” – განაცხადა სუბარმა. ”კარგად იცის, რა ვითარებაა ქვეყანაში, მაგრამ აქვს ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელსაც უნდა უპასუხოს. დღემდე, მისი მანდატიდა გამომდინარე, ის მოვალე იყო დაეცვა დუმილი და არ გაეკეთებინა მკვეთრი განცხადებები. სახალხო დამცველის მანდატი განსხვავებულია; კანონში წერია, რომ მედიასთან ურთიერთობა არის პრიორიტეტი… მე ეჭვი არ მეპარება, რომ იქნება ადეკვატური”.    

მან ასევე დადებითად ისაუბრა მეორე კანდიდატურაზე, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ დაასახელა. სუბარის თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძე ”ბოლო პერიოდში აქტიურია და ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მასთან”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version