აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები აპირებენ სამოქმედო გეგმის განახლებას, მათ შორის ხელისუფლების ”რეპრესიულ მანქანასთან” დაპირისპირების მიმართულებით.
”ორშაბათიდან ჩვენ გადავალთ ახალ ეტაპზე საქმიანობის,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ის შეიცვლება მთლიანად პრეზიდენტიან, პარლამენტიან, მთავრობიანად. ეს მოხდება ქუჩის აქციებითაც, ეს მოხდება უცხოეთში მუშაობითაც”.
მისი თქმით, ”ევროკავშირი ძალიან სერიოზულად ჩაერთვება ამ პროცესებში.”
19 ივნისს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 21 ივნისს აქციების ორგანიზატორი ყველა ოპოზიციური პარტია შეიკრიბება და განიხილავს სამოქმედო გეგმას.
მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს ”ძალიან ეფექტური”. მან ასევე განაცხადა, რომ მუშაობს ხედვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უნდა გააგრძელოს მისმა პარტიამ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ბრძოლა.
თუმცა მისი თქმით ”გარკვეული ერთობა” და კოორდინაციის რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს ოპოზიციაში.
”კოორდინირებული რეჟიმი ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მაგრამ ამავე დროს, ძალიან გამოკვეთილი უნდა იყოს ვინ რა სქემაზე და გეგმაზე ლაპარაკობს და ვინ რა გზით მიდის”.