ოპოზიციონერი აქტივისტები დააკავეს

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ათი წევრი, მათ შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვემო ქართლში ექვსი აქტივისტი; ხოლო რესპუბლიკური პარტიის ერთი წევრი დააკავეს სამართალდამცავებმა იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით.

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პროტესტი გამოთქვა საკუთარი პარტიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ”ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან”.

”ჩვენ დემოკრატიული მოძრაობა ვაცხადებთ, რომ სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ადამიანების დაკავება გამოიწვევს დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას ქვეყანაში და აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ამის ნიშნები უკვე ჩანს,” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ, ”და მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ეს მიიყვანს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ეს ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს და ამაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად მიხეილ სააკაშვილს, პირადად ვანო მერაბიშვილს და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს”.

რესპუბლიკური პარტია 11 ივნისს სპეციალურ განცხადებაში ხელისუფლებას და სამართალდამცავებს მიმართავს შეწყვიტონ ”პოლიტიკური ნიშნით დევნა”.

ორივე პარტია ასევე მიმართავს საერთაშორისო, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და აქტიური მონიტორინგი გაუწიონ ძიების პროცესს.

9 ივნისს პრეზიდენტთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა უთხრა მას, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ბრალდებებით დაკავებული ოპოზიციური აქტივისტების საქმეების გადახედვა. თუმცა გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ ის არ არის დარწმუნებული ამ დაპირების შესრულებაში.

Exit mobile version