ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ დღეს 21 საათზე ის პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება შავნაბადას რეზიდენციაში.
”საღამოს 9 საათზე შავნაბადაზე შედგება ეს შეხვედრა, როგორც იტყვიან დღის წესრიგის გარეშე,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”იმიტომ, რომ მე უნდა მივიტანო ჩემი მოსაზრება კრიზისიდან გამოსავლის შესახებ, რაც მდგომარეობს მის გადადგომაში და მან თავისი უნდა მითხრას”.
”შეხვედრის შემდეგ პირდაპირ მივდივარ ჩემ ძმასთან [”უცნობთან” გადაცემა] საკანში და იქ ვილაპარაკებ ყველაფერზე,”- აღნიშნა მან ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში საუბრისას მას შემდეგ, რაც შსს-სა და პროკურატურის შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საჯაროდ გამოაცხადა ამ შეხვედრის შესახებ. ამ განცხადებას აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილო შეძახილებიც მოჰყვა.
გაჩეჩილაძემ თავი აარიდა შეხვედრის ინიციატორის დასახელებას და აღნიშნა, რომ ოპოზიციის დანარჩენ ლიდერებში ამ გეგმამ ”არაერთგვაროვანი” რეაქცია გამოიწვია, თუმცა ”რადიკალური წინააღმდეგი არავინ არ არის”.
”მე ვთვლი, რომ ჩემთან მას [სააკაშვილს] უფრო ბევრის თქმა შეუძლია, ვიდრე სხვებთან,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ აშფოთებს სააკაშვილთან შეხვედრების ”ცუდი ისტორია”.
”მაგრამ გამოდის ისე, რომ ჩემი ხვედრია ამ ბოლო ორ წლის განმავლობაში ამ სიტუაციის გაანალიზება,”- განაცხადა მან, ”ქვეყანას სჭირდება ასეთი შეხვედრა მოხდეს მიუხედავად პოპულარობისა ან არაპოპულარულობისა”.
შარშან 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც გაჩეჩილაძე საკაშვილის მთავარი კონკურენტი იყო, მათ შორის და ასევე რესპუბლიკელების ლიდერის დავით უსუფაშვილის მონაწილეობით ინაუგურაციამდე გაიმართა შეხვედრა არასაჯაროდ, რამაც საზოგადოებაში შესაძლო გარიგებაზე გარკვეული ეჭვები გააჩინა.
ლევან გაჩეჩილაძე ასევე იყო ოპოზიციის იმ ოთხ რწმუნებულს შორის – ირაკლი ალასანიასთან, კახა შარტავასთან და სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილს 11 მაისს შეხვდნენ. ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის აპირებს ყველა ასეთ შეხვედრას დაესწროს, თუმცა ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება სტუმრობს რა ევროპას.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა ღიად დააფიქსირა, რომ მათთვის მოსაწონი არ არის პირისპირ შეხვედრის ფორმატი, რაც შესაძლოა ოპოზიციის დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად.
”მე ლევანს ვურჩევდი რომ არ წასულიყო იმიტომ, რომ ძალიან ადვილია ადამიანის დისკრედიტაცია ასეთი შეხვედრის შემდეგ, როგორც ეს მოხდა ადრე და დღეს ლევანის დისკრედიტაცია ეს შეიძლება ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციის ტოლფასი იყოს,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ალიანსი საქართველოდან, ”მაგრამ ის [გაჩეჩილაძე] ამბობს რომ ის მზად არის, რომ თავისი რეპუტაცია და ავტორიტეტი შესწიროს, თუ ეს დაეხმარება ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას და ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნას”.
”ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან,”- განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ, ”ჩვენი პოლიტიკური პარტიის მანდატი ლევან გაჩეჩილაძეს არ ექნება. მას უფლება აქვს, რომ შეხვდეს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ ფორმატი იქნებოდა სხვა”.
”ბატონი ლევანი დააყენეს ფაქტის წინაშე. რამდენიმე წუთის წინ გვითხრა ჩვენ ამის შესახებ, რომ ის [სააკაშვილი] ითხოვს მასთან შეხვედრას,”- განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ”ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთად განგვეხილა ეს საკითხი და მიგვეღო გადაწყვეტილება [შეხვედრასთან დაკავშირებით]”.