სააკაშვილი: ვადამდელი არჩევნები ”სრულიად მიუღებელია”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამორიცხა ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ”ქუჩიდან ზეწოლას” არ დაემორჩილება.

სააკაშვილმა ეს განცხადება საკონსტიტუციო კომისიის წარდგენილ თავმჯდომარესთან ავთანდილ დემეტრაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრა 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადაშენებულ შენობაში გაიმართა.

მისი თქმით ქვეყანას უნდა ქონდეს ”საქართველოს რეალობის შესაბამისი, მაგრამ დემოკრატიული, ევროპული სულისკვეთების” კონსტიტუცია.

”რა თქმა უნდა გვჭირდება ძლიერი პარლამენტი, რა თქმა უნდა, გვჭირდება ეფექტური პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო და ხალხის კონტროლი ყველაფერ ამაზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ხალხის კონტროლი ხორციელდება პერიოდული არჩევნებით, ეს კარგად ვიცით ყველამ და პერიოდული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ნამდვილად არ ტარდება წელიწადში ერთხელ და ორჯერ, ან ყოველ წელიწადს როგორც ეს ზოგიერთებს სურთ,”- განაგრძო მან.

”არსებობს პერიოდულობა არჩევნების და მითუმეტეს დღევანდელ სიტუაციაში ყოველგვარი რაღაც სახის ცენტრალური რიგგარეშე არჩევნები არის სრულიად მიუღებელი გათვალისწინებით ეკონომიკური სიტუაციის და გათვალისწინებით იმისა, რომ ქვეყანამ გაიარა რამდენიმე არჩევნები [ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო] შარშან,” – დასძინა მან. ”მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ უბრალოდ რაღაც ქუჩიდან ზეწოლით მთავრობა გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, მაგრამ მეორეს მხრივ, დიალოგი და რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება ესაა ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო მშვიდობის და ერთობის მისაღწევად”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი პირადად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ იქნება რაიმე ჩარევა კომისიაში ან მასზე პოლიტიკური ზეწოლა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ადვილი არ იყო დათანხმებოდა კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შემოთავაზებას არსებული ”პოლიტიკური დაძაბულობის” ფონზე.   

ცოტა ხნის წინ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ ახალ საკონსტიტუციო მოდელში იგი ორპალატიან პარლამენტს ემხრობა და ასევე მხარს უჭერს პრეზიდენტის დისტანცირებას მთავრობიდან არბიტრის როლით.

მან განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რომ დააყენა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ იდეას ”პერსპექტივა განხილვისათვის აქვს”.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ უარი თქვა კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.

 

Exit mobile version