ვალდებულებათა ქარტია

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ერთობლივ ვალდებულებათა დეკლარაციას ქართველი ხალხის წინაშე. 

სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ქართველი ხალხი განსაცდელშია: ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება თავისუფალი აზრი, ითელება დემოკრატიული ღირებულებები და უგულებელყოფილია კანონის უზენაესობა. 

ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. 

ვაცხადებთ, რომ ქვეყანას ესაჭიროება სერიოზული ცვლილებების გატარება, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს მიიღოს დაპირებული თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა. წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებას ამჟამინდელი მთავრობის წარუმატებლობების შესახებ, საქართველოს მომავლის ჩვენეულ ხედვას და ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას მისი რეალური განხორციელებისათვის.  

ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს ახალი კონსტიტუციური მოწყობის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დაცვას, ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურაზე დაფუძნებული  ევროპული ტიპის, დემოკრატიული, მდიდარი ქართული   სახელმწიფოს აშენებას,  რომლის საფუძველიც გახდება:

1. დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები.
 საარჩევნო კომისია, რომელშიც თანაბრად იქნება წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია. სამთავრობო ფონდები არ იქნება გამოყენებული არჩვენებისთვის და პარტიების დაფინანსება გახდება გამჭვირვალე. საარჩევნო კანონმდებლობა იქნება დემოკრატიული და სამართლიანი, ხოლო საარჩევნო პროცესები – გამჭვირვალე და ადმინისტრაციული რესურსის ჩარევისაგან თავისუფალი. ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები შეირჩევა არჩევნების გზით, და არა თანამდებობაზე დანიშვნით წესით.

2. დამოუკიდებელი სასამართლო.
დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც თავისუფალი იქნება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან ყოველგვარი ჩარევისაგან.  

3. პოლიციის  სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლი.
 პოლიციის სისტემის მუშაობის გამჭვირვალეობა და საზოგადოებრივი მონიტორინგი. სახალხო დამცველის ინსტიტუტეს სათანადო უფლებებით აღჭურვა და დაფინანსება.  

4. დამოუკიდებელი მედია.
მთავრობის მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩარევის აღკვეთა. ოპოზიციური ჯგუფებისთვის მედიაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მედიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. მედიის როგორც უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსის მფლობელთა და დამფინანსებელთა გამჭვირვალობა.

5. გამჭვირვალე მთავრობა.
სამთავრობო ხარჯების დამოუკიდებელი აუდიტის განხორციელება. პოლიტიკოსთა და სამთავრობო მოხელეთა მიერ ბიზნეს ინტერესების სრული გამჟღავნება. სამთავრობო გადაწყვეტილებებზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდა და მისი ეფექტური განხორციელება.

6 პოლიტიკური დევნის დაუშვებლობა.
პოლიტიკური ნიშნით აღძრული  საქმეების შეწყვეტა და პოლიტიკური და  სინდისის პატიმრების გათავისუფლება. შემდგომში პოლიტიკური დევნის ნებისმიერი გამოვლინების დაუშვებლობა.
 
7. საკუთრების ხელშეუხებლობა.
კერძო საკუთრების საკანონმდებლო დაცვის მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება. უკანონოდ ჩამორთმეული  ქონების დაბრუნება და კანონიერ ჩარჩოებში  დაზარალებულთა უფლებების  აღდგენა.

8. დაბალანსებული/გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა
ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება და ევროკავშირისა და ნატოსკენ აღებული გეზის განმტკიცება.  რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფით. მასთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება.

საქართველოს ტრადიციული, კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციის აღდგენა კავკასიის  რეგიონში.

9.  თავისუფალი ეკონომიკა.
ღია ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც ხელს უწყობს რეალურ, კონკურენტულ ბიზნესს და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას, რომელიც მიგვიყვანს ფსევდოლიბერალიზმიდან თავისუფალ ეკონომიკამდე.

ბიზნესისათვის კონკურენტული გარემოს ინსტიტუციური გარანტიების შექმნა;
ეროვნული წარმოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

10. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
პრობლემის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიანი გზა, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყება. ნდობისა და ჩატეხილი ხიდების აღდგენა. ერთიან საქართველოში მათი ღირსეული დაბრუნებისა და თანაცხოვრების უზრუნველყოფა.

————- 
 
ჩვენ გვწამს, რომ რეალური ცვლილებების შედეგი იქნება ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: ტოლერანტობა, პატივისცემა, ღირსება, დემოკრატია, სამართლიანობა და რაც მთავარია, პატიოსნება. სწორედ ამიტომ წინამდებარე დეკლარაციის გარშემო თავი მოიყარა  ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ერთიანია რწმენით, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის მოტანა. 

ეს არის საქართველოს მომავლის ჩვენეული ხედვა. ხედვა, რომელსაც წარვუდგენთ ქართველ ხალხს. და გადაწყვეტილების მიღება მისთვის მიგვინდვია. 
 
საქართველოს მთავრობის წარუმატებლობები

ამჟამდინელი მთავრობა აღარ წარმოადგენს ქართველ ხალხს. პრეზიდენტი და მისი გარემოცვა კორუმპირებულია და კანონისა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების უგულებელყოფის გზით იყენებს პირად ძალაუფლებას სამთავრობო სტრუქტურების სამართავად. 

1. ეს არის კორუმპირებული მთავრობა.
მოქალაქეებს – რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, მხარს უჭერენ მის პოლიტიკურ ოპონენტებს, გამოდიან სამთავრობო ლიდერთა კერძო ინტერესების წინააღმდეგ, ან უბრალოდ, ფლობენ საკუთრებას, რომელთა ხელში ჩაგდებაც სურთ ხელისუფალთ – აპატიმრებენ შეთითხნილი ბრალდებებით, ართმევენ ქონებას ან ემუქრებიან სადამსჯელო საქციებით და აიძულებენ თანხების გადარიცხვას ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე. 

2. მართლმსაჯულების სისტემა მიკერძოებულია და მიმართულია ხალხის საწინააღმდეგოდ.
მოსამართლეები, დაშინებულები პირადად თუ მათი ოჯახის წევრთა წინააღმდეგ  სამთავრობო ან პოლიციური სანქციების გამოყენებით, იძულებულნი არიან გამოიტანონ გადაწყვეტილებები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული მითითებების შესაბამისად. ამის გამო მთავრობის მიერ ზეწოლის ქვეშ მყოფ პირებს არ ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. 

3. ეს არის არადემოკრატიული მთავრობა.
სამთავრობო ფონდები გამოიყენება არჩევნების დასაფინანსებლად. 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადგილი ქონდა მასობრივ გაყალბებებს საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის გზით. ხმის დათვლის პროცედურის 23% ეუთოს დამკვირვებლების მიერ შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი ან სრულიად არადამაკმაყოფილებელი. ეუთოს დამკვირვებელთა მიერ დაკვირვებულ შემთხვევათა 8%-ში აღინიშნა ამომრჩეველთა სიების, არჩევნების შედეგების ან პროტოკოლში შეტანილ შედეგთა გაყალბება.  გავრცელებულია ამომრჩეველთა მასობრივი შანტაჟი. მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება ამომრჩეველთა დაშინება პოლიციური ან სამთავრობო სანქციებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მხარს არ უჭერენ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. 

4. მთავრობა ეწევა გამომძალველობას. 
საჯარიმო გადასახადების დაკისრების, ლიცენზიების შეწყვეტის, ქონების ჩამორთმევის ან სამთავრობო მომსახურების შეწყვეტის მუქარით გავრცელებულია ბიზნესებიდან თანხების გამოძალვის შემდეგი ფორმები: მთავრობის მიერ კონტროლირებულ ანგარიშებზე თანხების შეტანა, ინვესტირების იძულება  ხელისუფლების თვითნებურ პროექტებში,  კონკურენციის შეწყვეტა ცალკეულ სახელმწიფო მოხელეთა ინტერესების სასარგებლოდ. ხორციელდება ქონების ჩამორთმევა, უკანონო ჯარიმების დაწესება ან სამთავრობო სანქციების გატარება იმ პირთა მიმრთ, ვინც უპირისპირდება მმართველ პარტიას ან მის ლიდერთა ინტერესებს, ცდილობს დაეხმაროს ოპოზიციას.

5. სახელმწიფოში ნებადართულია წამება და სასტიკი მოპყრობა.
დაპატიმრებული ან დაკავებული პირები ექვემდებარებიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას, მათგან იძულებითი აღიარების გამოძალვის, ან რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ ნაკარნახევი ქმედებების ჩადენის მიზნით.  რეჟიმის უმაღლეს ხელისუფალთა მხარდაჭერით და დაპირებებით, რომ მათი ქმედებები არ იქნება გამოძიებული ან დაზარალებულთა მიერ არ მოხდება მათ მიერ დარღვეულ უფლებათა სასამართლო წესით აღდგენა, პოლიცია და პროკურატურა ახორციელებენ უკანონო დაჭერებს, დაკითხვებს ძალადობრივი მეთოდებით და არღვევენ სამართლებრივ პროცედურებს. პრაქტიკულად, ასეთ შემთხვევებში გამოძიებას ან დაზარალებულთა უფლებების აღდგენას ადგილი არ ქონია. 

6. მედია არ არის თავისუფალი.
ეროვნული მედიის საშუალებებს რეჟიმის წარმოამდგენლები უკრძალავენ ისეთი მასალების გამოძიებას ან გაშუქებას, რომელიც ეწინააღმდეგება ან კრიტიკულია სააკაშვილის რეჟიმის ან მის სხვა ლიდერთა მიმართ; გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ მმართველი პარტიის   ოპონენტთათვის ცენზურის გარეშე საზოგადოებასთან ურთიერთობა ელექტრონული  მედიის საშუალებით.  პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში სულ უფრო უარესდება – ამჟამად იგი მსოფლიოში 120-ე ადგილზეა. პირადად მათი ან  ოჯახების წინააღმდეგ პოლიციური ან სამთავრობო სანქციების გატარების მუქარით, ჟურნალისტები და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით დაკავებული პირები იძულებული არიან შეწყვიტონ მუშაობა ისეთ საკითხებზე, რომელიც კრიტიკულია  რეჟიმისა და მისი ლიდერების მიმართ. 

7. ეს არის დაახლოებულ პირთა მთავრობა.
გავლენიან სამთავრობო პოსტებზე დანიშნული პირები შერჩეული არიან რეჟიმის უმაღლეს წარმომადგენელთა მიმართ ერთგულებისა და მორჩილების მიხედვით და პროფესიონალიზმის მიუხედავად, ტოვებენ თანამდებობებს, თუკი ისინი არ ასრულებელ ხელისუფლების დირექტივებს. პარლამენტის, საარჩევნო კომისიის, სასამართლოების, ქვეყნის სახელისუფლებო  სტრუქტურებისა და სხვა სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილებები ექვემდებარებიან სააკაშვილისა და მისი უშუალო გარემოცვის დიქტატს – ხორციელდება უკანონო დაპატიმრებები,  დაუსაბუთებელი ბრალდებების წარდგენა,  უკანონო საჯარიმო სანქციების დაკისრება და  სასტიკი ფიზიკური მოპყრობა. 

8. მთავრობა ძირითადად მუშაობს დაფარული, გამოძალული თანხების ხარჯზე.
თანხები, რომელიც გამოძალულია მოქალაქეებისა და ბიზნესისგან მუქარის ან იძულების გზით გროვდება არასაბიუჯეტო ანგარიშებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან აუდიტს ან გამჭვირვალობის პრინციპებს რეჟიმის უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან. სამთავრობო ხაზინიდან იხარჯება სოლიდური თანხები ისეთ პროპაგანდისტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართულია მათი ძალაუფლების განმტკიცებისაკენ და  ნაკლებად ემსახურებიან ქვეყნის ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებას.
 
9. მთავრობის წარუმატებლობები აფერხებს თავისუფალი ეკონომიკის განვითარებას.
რეჟიმმა დაშინების გზით მოახდინა ბიზნესისა და კომერციულ საქმიანობის წარმოების, ინვესტირების მიმართ სურვილისა და ენთუზიაზმის ჩაკვლა. აუცილებელია ბიზნესის  სახელმწიფო რეკეტისაგან გათავისუფლება და კონკურენტული საქმიანი გარემოს შექმნა. ჩვენი მმართველობის პირობებში სახელმწიფოს ხერხემალი იქნება არა სახელმწიფო რეპრესიული აპარატი, არამედ ჯანსაღი ეკონომიკა. ეკონომიკური განვითარება პირველ რიგში უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და არა ბიუჯეტის თვითმიზნურ ზრდაზე.
სახელმწიფო-კრიმინალური ბიზნესის ალაგმვა;
 
10. მთავრობის საგარეო პოლიტიკა არარაციონალურია და სახიფათო.
სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელმაც ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე გამოიწვია ურთიერთობების დაძაბვა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან, ხელი შეუშალა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას პოტენციურ მოკავშირეებთან. წამოეგო რა რუსეთის პროვოკაციას, რეჟიმმა ქვეყანა ვერ აარიდა გამანადგურებელ ომს, რომელმაც  მოიტანა უზარმაზარი ზარალი, უბედურება და მსხვერპლი.

ქვეყანა დადგა გამოუსწორებელი შედეგების წინაშე. დაიკარგა დამატებითი ტერიტორიები, გაიზარდა რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შენდება რუსეთის სამხედრო ბაზები, კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივამ გადაიწია გაურკვეველი ვადით. ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებით უპერსპექტივოა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დარეგულირება.

საქართველოს ჩვენეული ხედვა 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენისა და ქვეყნის წინსვლა-განვითარებისკენ შემობრუნების საუკეთესო გზაა რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აღნიშნულ პირობებში ჩვენ ვიღებთ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების ვალდებულებას დემოკრატიული პროცესების აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით.

ჩვენი მიზანია

1. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის რეალურ პრიორიტეტად ქცევა;

2. ნატოს სტანდარტების შესაბამისი  თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბება და მისი შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობის უზრუნველყოფა;

3. განათლების სისტემის ეროვნულ საგანმანათლებლო ტრადიციებზე გადასვლა;

4. ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარება;

5. კულტურულ – ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა;

6. სახელმწიფო ენის დაცვა;

7. დევნილთა დაბრუნება და მათი დახმარების პრიორიტეტულობა;

8. კონფლიქტებში მონაწილე სამხედრო პირების ამნისტია, გარდა იმ პირებისა, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული კაცობრიობის წინაშე;

9.  საზღვარგარეთ მყოფი ქართველების დაცვა და დიასპორასთან მჭიდრო კავშირი;

10. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნდამენტური რეფორმა. სპეცსამსახურების პოლიტიკური ჟანდარმის ფუნქციისაგან გათავისუფლება.პოლიციასა და ძალოვან სტრუქტურებში არსებული პრაქტიკა დაექვემდებარება დამოუკიდებელ რევიზიას და სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე განხორციელდება დამოუკიდებელი გამოძიება;

11.  მოსამართლეებსა და სასამართლოს სხვა მოხელეებს ჩაუტარდებათ სწავლება სათანადო პრაქტიკის ასათვისებლად, მათი საქმიანობა იქნება დამოუკიდებელი ყოველგვარი ჩარევისაგან და  დაექვემდებარება დამოუკიდებელ დაკვირვებას კოლეგების მიერ შექმნილი ორგანოს მიერ;

12. მოხდება პენიტენციალური სისტემის პოლიციური ზედამხედველობისაგან რეალური  გათავისუფლება და რეფორმირება;

13. დაუყოვნებლად შეწყდება მთავრობის ჩარევა ნებისმიერი მედია ორგანიზაციის სარედაქციო, მოკვლევით თუ ჟურნალისტურ საქმიანობაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს  მიეცემათ საზოგადოებრივი მაუწყებლით მიუკერძოებლად და ცენზურის გარეშე სარგებლობის საშუალება. უზრუნველყოფილი იქნება მედიის დამოუკიდებლობა სამთავრობო ცენზურისგან და ყველა სოციალური და პოლიტიკური დაინტერესებული ჯგუფებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიის ნებისმიერ საშუალებაზე;

14.   კანონმდებლობით უზრუნველვყოფთ პოლიტიკური პარტიების კონკურენციას და ოპოზიციის სახელმწიფო მართვაში მონაწილეობას მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში;

15. საქართველო გააგრძელებს ღია ბაზარზე ორიენტირებული ეფექტური, კონკურენტული ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისათვის სწრაფვას; წაახალისებს რეალურ ბიზნესს და დაიცავს კერძო საკუთრებას. აუცილებელია დამოუკიდებელი არბიტრაჟის ქმედითი მექანიზმის ჩამოყალიბება კომერციულ და სამოქალაქო დავათა გადასაწყვეტად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესებისა და მოქალაქეებისათვის;

16. განხორციელდება ყველა სამთავრობო სტურქტურის ხარჯებისა და ფინანსური პრაქტიკის რეგულარული აუდიტი დამოუკიდებელი კონტროლის პალატის მიერ, რომელიც სათანადოდ დაფინანსდება და აღიჭურვება უფლებამოსილებებით აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად. ხელი შეეწყობა სამოქალაქო სამსახურებში სტაბილურობისა და პროფესიონალიზმის განვითარებას, და თანამდებობებზე დანიშვნა მოხდება დამსახურებისამებრ, და არა პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებისა და კავშირების გამო. ხელისუფლების ცვლა არ ნიშნავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მუდმივ ცვლას; უზრუნველვყოფთ სტაბილურ პროფესიული და პარტიულად ნეიტრალური საჯარო სამსახურის მემკვიდრეობითობას;

17. ყველა სამთავრებო სტრუქტურის საქმიანობა და ბიუჯეტი დაექვემდებარება საპარლამენტო კონტროლსა და დამტკიცებას;

18.  ჩამოყალიბდება საარჩევნო კომისია და საარჩევნო პროცედურები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესების თანაბარი წარმომადგენლობა და არჩევნებისა და მათი შედეგების ღია, დამოუკიდებელი და სრული კონტროლი. ჩამოყალიბდება თანასწორი და გამჭვირვალე წესები, რომელიც პოლიტიკური  პარტიების კანონიერ დაფინანსებას შეუწყობს ხელს;

19.  ორგანიზებულ იქნება ადგილობრივ ხელისუფლების  წარმომადგენელთა არჩევნები, რომელიც იქნება  ხელისუფლების მხრიდან  დღეს არსებული, ცენტრალიზებული გზით დანიშვნის  ალტერნატივა. საარჩევნო წესები მაქსიმალურ უპირატესობას მიანიჭებს პარლამენტში პლურალიზმის ხელშეწყობას. რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას;

20. საქართველოს ძალისხმევა მიმართული იქნება დასავლური სტილის მრავალპარტიული დემოკრატიის სტანდარტებისა და დემოკრატიული მმართველობის, ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების,  ევროგაერთიანებაში და სხვა დასავლურ ალიანსებში საბოლოო გაწევრიანების მიღწევისათვის;   
 
ჩვენი მიზანია აღნიშნული პლატფორმის რეალობად გადაქცევა – კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესების გზით. რაც მიღწევადია უწყვეტი საზოგადოებრივი პროტესტისა და შემდგომი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით. 

ჩვენი ურყევი აზრია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნისთვის საუკეთესო სამსახურის გაწევა შეუძლია პოსტიდან გადადგომით და ახალი, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნით. 

პრეზიდენტი უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ, ასევე უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თბილისის მერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მათი საქმიანობა თანამდებობებზე ყოფნის დროს დაექვემდებაროს საქართველოს სახალხო დამცველის ღია გამოძიებას. 
 
პროტესტი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გადადგება და   ქართული საზოგადოება აშკარად დაინახავს  ნაბიჯებს, რომელიც ბოლოს მოუღებს  ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას  და უზრუნველყოფს საქართველოში რეალური დემოკრატიული პროცესების დაწყებას. 

Exit mobile version