მაისაშვილი ალიანსს თავისუფლებისთვის ტოვებს

მომავლის პარტიის ლიდერმა გია მაისაშვილმა განაცხადა, რომ ის ტოვებს ალიანსს თავისუფლებისთვის იმის გამო, რომ მისი პარტნიორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობის თაობაზე.

”ლაპარაკია გაერთიანებაზე ნოღაიდელის პარტიასთან, მაგრამ გაერთიანება არ უნდა იყოს მექანიკური, უნდა ემყარებოდეს ღირებულებებს,”- განაცხადა გია მაისაშვილმა 2 ივნისს და აღნიშნა, რომ ის ”ფულზე არ იყიდება”.

ალიანსში თავისუფლებისთვის, რომელიც 9 აპრილის აქციების დაწყებამდე შეიქმნა, ასევე  შედიან პარტია თავისუფლება, ტრადიციონალისტები და ქალთა პარტია. ალიანსი, განსხვავებით ნოღაიდელის პარტიისაგან, აქციების ორგანიზატორებს შორის იყო, თუმცა 26 მაისს ლიდერებმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად გააგრძელებენ მოქმედებებს.

ქალთა პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ დაადასტურა რა ზურაბ ნოღაიდელთან კონსულტაციები, გია მაისაშვილთან შეუთანხმებლობის მიზეზად დაასახელა ასევე ყოფილი პარტნიორის პოზიცია კოალიციური მთავრობის მხარდაჭერის შესახებ. ”მას [მაისაშვილს] უფრო ამაღლებული შეხედულება აქვს, რომ ამ ხელისუფლებასთან დიალოგით რამე გამოვა,” – განაცხადა მაღრაძემ.

ნოღაიდელის პარტიაში მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის არც უარყოფენ და არც ადასტურებენ მოლაპარაკებებს ალიანსში დარჩენილ ძალებთან. საუბარია ბლოკის ტიპის გაერთიანების შექმნაზე, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.  

Exit mobile version