აქციების ორგანიზატორი ძალები მხოლოდ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დათანხმდებიან

საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი მოლაპარაკებებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილ გადადგომაზე და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დათანხმდებიან. ეროვნულმა ფორუმმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია რომელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პატრიარქის მოწოდებასთან დაკავშირებით გაკეთდა. პატრიარქმა 28 მაისს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ”სერიოზული და ფეთქებადსაშიში” დაძაბულობის  განსამუხტავად უნდა გადადგას ”ქმედითი ნაბიჯები”, იქნება ეს ”რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა”.

”სააკაშვილი აქამდე იდგა ქართველი ხალხის პირისპირ, ახლა უკვე, თუ ის არ დაიხევს უკან, აღმოჩნდება პატრიარქის პირისპირაც,”- განაცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ,  ”ქართველი ხალხი ვადამდელ  საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს და თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ რაიმე სხვა წინადადებაზე დავიწყებთ მოლაპარაკებას, ტყუილად დაკარგავს დროს”. 

მან ასევე განაცხადა, რომ ოთხკაციან დელეგაციას (ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ლევან გაჩეჩილაძე, სალომე ზურაბიშვილი), რომელიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე 11 მაისს ოპოზიციის სახელით საუბრობდა, მისი პარტია მორიგი ასეთი შეხვედრის შემთხვევაში მანდატს აღარ მისცემს.

”არსებულ მოცემულობაში ამაზე [დელეგაციის შემადგენლობაზე] გადაწყვეტილება თავიდან უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა და მთლიანად ოპოზიციამ. და თუ ვინმე გადაწყვეტს შეხვედრას, საკუთარი პარტიის და თავის თავის სახელით გადაწყვიტოს,”- განაცხადა მან.

ეროვნული ფორმის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელმაც დღეს რეგიონებში დამოუკიდებელი მოქმედებების გეგმა გამოაცხადა, ასევე მივიდა საპროტესტო აქციაზე მიესალმა რა პატრიარქის განცხადებას.

”უწმინდესმა თქვა რიგგარეშე არჩევნები. ახლა ბევრი სჯა-ბაასი მიდის, რომ უწმინდესმა რა იგულისხმაო – საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ადგილობრივი  – სამივე რიგგარეშე არის. მაგრამ აი რა იქნება, რომელი არჩევნები იქნება საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი ერთად, ან მარტო საპარლამენტო ეს უკვე ჩვენი საქმეა. უწმინდესს ნუ ვთხოვთ დააკონკრეტოს,”- მიმართა მან მომიტინგეებს.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება შეეცდება მინიმალურ დათმობებზე წავიდეს და ამ ”ფონზე მიაღწიონ იმას, რომ ძალაუფლება მათი დარჩეს ხელშეუხებელი”.

”ეს გავლილი არის უკვე,”- განაცხადა მან, ”უთქვენოდ არც მოლაპარაკება, არც დიალოგი, არც არაფერი არ იქნება იმ არჩევნების დღეზე, იმ არჩევნების პირობებზე, რომელიც გაიყვანს სააკაშვილს ამ თამაშიდან, რომელიც მოიყვანს იმ მართლა ხელისუფალს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რათა გადარჩეს”. 

ლევან გაჩეჩილაძემ მიმართა მომიტინგეებს, რომ არც ის და არც მისი ძმა გია გაჩეჩილაძე ”უკან არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, სანამ არ გადადგება მიხეილ სააკაშვილი”.

”შემეკითხეს ახლა – რომელ არჩევნებს გულისხმობსო [პატრიარქი]?”- განაცხადა მან, ”რატომ ვდგევართ აქ ჩვენ. აი ეგ არის ამ განცხადების შინაარსი. თუ გინდათ, რომ საქართველოში  განიმუხტოს სიტუაცია, ქვეყანას უნდა ყავდეს ახალი პრეზიდენტი და დამთავრდა!”

მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აქციაზე გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებზე სააკაშვილის გადადგომის პირობებზე და არა ”სხვა ტიპის მოლაპარაკებაზე, არა მათი არსებობის ან მათი ხელისუფლების გახანგრძლივებაზე”.

”ახლა დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საუბარი იმაზე, რომ თურმე პატრიარქს უბრძანებია ის, რაზეც ხელისუფლება დიდი ხანია ლაპარაკობს – დიალოგიო. არა ბატონებო, პატრიარქმა ძალიან კარგად იცის რა სიტყვები უნდა გამოიყენოს. დიალოგი კი არა მოლაპარაკებაო,”- განაცხადა მან, ”მოლაპარაკებისთვის ხელისუფლების გადადგომაზე, წასვლის პირობებზე კი ბატონო მზად ვართ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე”.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს ახალი ბრძოლის მეთოდების შემოტანას თბილისსა და მთელ საქართველოში. მისი თქმით, თბილისში შენარჩუნდება პიკეტები და იგეგმება ასევე ”საკნების ქალაქის” გარკვეული განახლება.

Exit mobile version