დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე 20 მაისს განაცხადა, რომ არ შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აგვისტოს ტრაგედია ეპატიოს და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
”ყველაფერს ვაპატიებდი მეც და თქვენც, მაგრამ არა იმას, რაც აგვისტოში მოხდა,”- განაცხადა თავის ემოციურ გამოსვლაში ბურჯანაძემ, ”არ შეიძლება ამის პატიება იმიტომ, რომ ყველაფერი გადახაზა აგვისტომ და ამ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რომ გაყინული კონფლიქტის მდგომარეობისთვის გვიწევს ბრძოლა, რომელიც ჩვენთვის თავიდანვე არ იყო მისაღები და წინ წასვლა გვინდოდა”.
”ჩვენ 90% დაკარგული გვაქვს აფხაზეთი და ოსეთი და ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა,”- განაგრძო მან, ”არ გაპატიებთ სააკაშვილო, არ გაპატიებთ აგვისტოს, არ გაპატიებთ ცრემლს და შენ მიგყავს ეს ქვეყანა დამატებითი სისხლისკენ და ჩაგქოლავენ იცოდე! დღეს შეგიძლია, რომ გადადგე, გაქვს ამისი უფლება, გაქვს ამისი შესაძლებლობა და თუ კიდევ ერთ წვეთ სისხლს დაღვრი, ვერ გაასწრებ ამ ქვეყნიდან”.
მისი თქმით, თავისი ქმედებებით ხელისუფლება ”შეეცდება, რომ ეს ქვეყანა გადაჩეხოს”, მაგრამ ”ჩვენ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ შავ-ბნელი ძალისგან ნამდვილად შეგვიძლია”.
იმავდროულად ბურჯანაძემ ოპოზიციის აქტივისტებისთვის ავტომანქანების ჩამორთმევა ”სახელმწიფო ყაჩაღობად” შეაფასა, რაზეც ”აუცილებლად სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს”.
მან ასევე მოუწოდა პოლიციელებს, რომელთა შორის ”არიან ნაძირლებიც, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა არიან წესიერი ადამიანები”, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს.
”ეს არის მართლა პოლიტიკური პოლიცია. ეს არ არის კანონი დაცვა,”- მიმართა ბურჯანაძემ მომიტინგეებს, ”ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს ამ ქმედებებს, ამიტომ შევიკრიბოთ ხვალ 12 საათზე… და ვიმოქმედოთ კანონიერად, მაგრამ მტკიცედ”.