ქრისტიან-დემოკრატების მოდელი სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის უვადო შანსს მისცემს – ბაღათურია

ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გააკრიტიკა ქრისტიან-დემოკრატებიდან კოლეგების წინადადება საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის შემოღების თაობაზე, რადგან ამით ”მიხეილ სააკაშვილს ეძლევა შანსი მესამედ მოგვევლინოს ქვეყნის ხელმძღვანელად უკვე პრემიერ-მინისტრის ამპლუაში”.

”ამიტომ ჩვენ  – ქართული დასი – წინააღმდეგი ვართ საპარლამენტო ამ მოდელის, რომლითაც შეიძლება სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს უვადოდ,”- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ისეთ მოდელს, რომელიც პრეზიდენტს ინსტიტუციონალურად დაასუსტებს პარლამენტის უფლებების გაზრდის ხარჯზე.

”ძალიან ცუდია, როცა ჯონდი ბაღათურიას და პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებები ერთმანეთს დაემთხვა, ორივე არის წინააღმდეგი ჩვენი შეთავაზების,”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატებიდან ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ ინიცირებული საპარლამენტო მოდელის პირობებში ვერ გახდეს პრემიერ-მინისტრი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებია. 

მისი თქმით, კონსტიტუციის არსებული მოდელიც ”იძლევა საშუალებას, რომ სააკაშვილი იყოს უვადოდ, ოღონდ იყოს პრემიერ-მინისტრი”.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი პარლამენტთან კონსულტაციების საფუძველზე წარადგენს. ასევე პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ ორი ვადით იქნას არჩეული.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადამდე შეწყვეტას და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. თუმცა სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს 2013 წლამდე გადადგომას და ოპოზიციას კრიზისიდან გამოსასვლელად სხვა წინადადებებთან ერთად საკონსტიტუციო რეფორმასაც სთავაზობს.

ამ ეტაპზე საუბარია ორ მოდელზე, რომელიც შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში შეიძლება იყოს განხილული.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა ისეთი საკონსტიტუციო მოდელი, სადაც იქნება ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან ერთად. მოგვიანებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ მეტი სიცხადე შეიტანა ამ შეთავაზებაში და განაცხადა, რომ მათი წინადადებაა მთავრობა პარლამენტმა დააკომპლექტოს და პრეზიდენტი არ ჩაერიოს კაბინეტის ფორმირებაში.

ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 13 მაისს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს შემდეგი ფორმულით: “ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მთავრობა და პრეზიდენტი – არბიტრი, რომელიც თავისუფალია პარტიული კუთვნილებისა და მიკერძოებისგან”.

იმავდროულად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა იურისტებთან და მოისმინა მათი მოსაზრებები, რათა, მისი თქმით, ”საზოგადოებამ და არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ ის, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლების განაწილება საქართველოში”.

Exit mobile version