შსს არალეტალური ტყვიების გამოყენებას უარყოფს

აქციის მონაწილეს ხელის გულზე უდევს ის ტყვია, რომელსაც მომიტინგეების თქმით, პოლიცია ისროდა. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო, რომ პოლიციამ რეზინის ან რაიმე სხვა ტიპის არალეტალური ტყვიები გამოიყენა მომიტინგეენის წინააღმდეგ 6 მაისს თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს.

ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს პოლიციასთან დაპირისპირების დროს  რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი, ზვიად ძიძიგური, შალვა ობგაიძე დასისხლიანებული თავებით. დაპირისპირების დროს ასევე დაშავდნენ ოპოზიციის რამოდენიმე აქტივისტი, ერთი ოპერატორი და ჟურნალისტი გოგონა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ასევე ნინო ბურჯანაძის დაცვის ორი წევრი.     

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა 7 მაისს, ორმა მომიტინგემ, რომელსაც ტყვია მოხვდა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

ე.წ. არალეტალური ტყვიები, რომელიც ინციდენტის ადგილზე იქნა ნაპოვნი, ვიზუალურად ძალიან გავს იმ ტყვიებს რომლებიც გამოიყენება 18 მილიმეტრიანი კალიბრის FN 303 ტიპის არალეტალური ტყვიების სასროლ საშუალებებში.  ამ არალეტალური იარაღის დამამზადებელი კომპანიაა FN Herstal-ი. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც დამამზადებელი  კომპანიის ვებ-გვერდზე მოიპოვება, FN 303 ისვრის არალეტალურ ტყვიებს მაქსიმალური სიზუსტით 25 მეტრის მანძილიდან, ხოლო წელსზემოთ მოხვედრის მაღალი ალბათობა აქვს 50 მეტრის სიშორიდან სროლის შემთხვევაში. FN 303-იდან გასროლა კომრესირებული აირის საშუალებით ხდება, რის გამოც სროლისას მას პრაქტიკულად ხმა არ აქვს.

შსს-ს წარმომადგენელმა ამ საკითხზე კომენტარზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შეიარაღებაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version