ალასანია: სააკაშვილთან შეხვედრა წინაპირობების გარეშე უნდა შედგეს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას ”წინაპირობების გარეშე”, სადაც ”გაირკვევა რა საკითხებზე შესაძლებელია შეთანხმება, რა საკითხებზე არა”.

”ოპოზიცია გამოხატავს სრულ მზადყოფნას შედგეს შეხვედრა ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან, რათა დავიწყოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა,”- განაცხადა ალასანიამ. 

”გუშინდელმა დღემ  და ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მე პირადად და ალბათ, მთელ საზოგადოებას დაანახა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ისეთი კრიზისული ვითარებისკენ, როდესაც შეიძლება კონტროლიდან გავიდეს მოვლენები, ამიტომ გადაუდებელ აუცილებლობად მიმაჩნია, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს მოლაპარაკებები ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის,”- განაცხადა დღეს მან ევროპელ დიპლომატებთან ოპოზიციის ლიდერთა ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამავე შეხვედრის შემდეგ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ არ დამალა სკეპტიკური დამოკიდებულება ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ”პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ეს არის პრეზიდენტის გადადგომა”.

”თუ ეს შეხვედრა შედგა ზრდილობის ამბავია, რომ მოუსმინოთ წინადადებებს, რომელსაც მეორე მხარე აყენებს,”- განაცხადა მან,  ”მე პირადად ნამდვილად, სამწუხაროდ, არ მჯერა და მაქვს ამის სერიოზული საფუძველი, რომ არაფერი პოზიტიური მიღწეული არ იქნება, მაგრამ გამიხარდება თუ ვცდები”.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, მისი დაკვირვებით, ”ელჩებს არ ქონდათ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში კონკრეტული ინფორმაცია, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ სპეცრაზმი [ოპოზიციის აქტივისტებთან დაპირისპირებისას] გამუდმებით გაიძახდა ”მიშა, მიშას” და ამან მათში გამოიწვია დიდი გაკვირვება და მწვავე რეაქცია”.

Exit mobile version