”უცნობი” მანიფესტაციას პოლიციის შენობისკენ მიუძღვება

ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გაჩეჩილაძის წინამძღოლობით დიღომში, პოლიციის შენობისკენ მიემართებიან, რათა დაიხსნან ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის სამი დაკავებული აქტივისტი.

მსვლელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებს საკანი #5-დან საგანგებოდ გამოსულმა მსახიობმა და მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ მიმართა სიტყვით.

”მინდა მივმართო მთელ საქართველოს და მთელ თბილისს. გუშინ დაიჭირეს პატარა ბიჭები, ჩვენი ძმები და ჩვენ თუ ამას ახლა ვაპატიებთ და იმათ არ დავიხსნით ყველანი ერთად, ასე გაგრძელდება სამუდამოდ. ყველამ იცოდეს, ჩვენ მოვდივართ ახლა დიღომში ამ ბიჭების დასახსნელად,”- განაცხადა მან თავის ემოციურ გამოსვლაში.

”არავითარ შემთხვევაში ერთი კაციც არ იქნება თქვენს მიერ დაპატიმრებული,”- განაგრძო მან, ”ჩვენი თავი გვეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, პოლიციამ გაგვყიდა, ყველამ გაგვყიდა, ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი თავი”.

საუბარია სამ აქტივისტზე, რომლებიც პოლიციამ ”ხულიგნობის” ბრალდებით5 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე ნიკა ავალიანზე თავდასხმის გამო დღეს დააკავა. დღეს შსს-მ გაავრცელა მათი ჩვენებები, სადაც საუბრობენ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წამების კვალი აღენიშნება.

Exit mobile version