შსს ყუბანეიშვილის მიმართ ინტერნეტ-მუქარის საქმეს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის მიმართ ელექტრონული ფორტით განხორციელებული მუქარის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

შსს-ის ცნობით, დაკავებული იქნა მოქალაქე ნიკოლოზ ჩიხრაძე, რომელმაც 26 აპრილს გააგზავნა მუქარის ელექტრონული წერილი, სადაც ”ყუბანეიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშსწორებით დაემუქრა”.

იმავდროულად, შსს-მ გაავრცელა აღიარებითი ვიდეო-ჩვენება, სადაც პირი, რომელიც შსს-ის თქმით, ნიკოლოზ ჩიხრაძეა, აღიარებს ყუბანეიშვილის ”სიცოცხლისადმი” მუქარას და აცხადებს: ”დავემუქრე იმიტომ, რომ გამაჩნია ამ პიროვნების მიმართ ანტიპათია, რაც გამოწვულია იმით, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს არაობიექტურად შუქდება მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”. 

ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მის ჟურნალისტს დაემუქრნენ, რაზეც ასევე დაიწყო პოლიციამ გამოძიება.

გასული წლის 31 ივლისს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააჟღერა ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით გაზეთ ”ბათუემლების” ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ და მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს გამოეძიათ ეს ფაქტი. გაზეთ ”ბათუმელების” რედაქციაში განუცხადეს Civil.ge-ს 30 აპრილს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ დაკითხა ჟურნალისტები, თუმცა შემდგომი გაგრძელება ამ საქმეს არ მოჰყოლია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version