სააკაშვილის სრული კომენტარი

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 29 აპრილს გაკეთებული კომენტარი:

”ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრე, რომ ყველა საკითხი წყდებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ხალხმა აირჩია დეპუტატები შარშან პარლამენტში და ისინი არ შევიდნენ პარლამენტში. ეს სამწუხარო იყო იმიტომ, რომ  პარლამენტში არის ყველა საშუალება და იყო ყველა საშუალება ბევრი საკითხი გადაწყვეტილიყო დიალოგის, დებატების კუთხით და მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ეს რაც თბილისის ცენტრში ხდება, ეს არ არის მთლად კლასიკურ-დემოკრატიული მოდელი, პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდებოდა.

ჩვენდა სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ ასეა, მაგრამ ჩვენ მთავრობის რეაგირება ამ მოვლენებზე არის არა უმოქმედობა  და არა სისუსტე.

არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები რამენაირად არის სუსტი და მე მგონი, არც არავის არ აქვს ეს ილუზია.

ეს არის სიძლიერის პოზიცია და სიძლიერის პოზიცია იმისა, რომ ყველა პატარა ჯგუფსაც კი მივცეთ საშუალება, ჯერ ერთი, თუ რამე აქვს სათქმელი ბოლომდე გამოთქვას, საზოგადოებამ დაინახოს რა სახის ძალებთან აქვს საქმე და ბოლომდე მიხვდეს რა არის ძალთა ბალანსი და რა არის სხვადასხვა ჯგუფთა მოსაზრებები და მთლიანობაში პოლიტიკური პროცესი დაიწმინდოს და მე ვფიქრობ ახლა ზოგადად მიმდინარეობს ძალიან სასარგებლო პროცესი, პოლიტიკური პროცესების გაწმენდის, ყველაფრის თავის ადგილზე დალაგების და დაყენების და მე ვფიქრობ, ვისაც აქვს უნარი, რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე  ქართული პოლიტიკის, მიაღწიოს წარმატებას, ის ამოცანას გამოიყენებს.

ვინც არჩევს დარჩეს 80-იან წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისის ქაოსის და არეულობის სიტუაციაში, საქართველოში ეს ვეღარ შეიქმნება, საქართველოში არის სახელმწიფო. ის სიტუაცია ვარგოდა იქ,  სადაც პრინციპში ეს იყო ბუნებრივი – სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყო, სახელმწიფო ორგანოები შესაბამისად ვერ ფუნქციონირებდნენ და ამიტომ ყველაფერ ამას ანაცვლებდა, ადგილს იკავებდა ქაოსი, არეულობა და სხვადასხვა ელემენტები, რომელიც ამას ხელს უწყობდა. საქართველოში ეს ვერ მოხდება.

ახლა ის, რაც ხდება, ჯერ მინდა გითხრათ, რომ მთელ საქართველოში არის სიმშვიდე, სიწყნარე შეიძლება ეს ვინმეს წყინს, მაგრამ მე დავდივარ საქართველოში… ყველა ლაპარაკობს გაჭირვებაზე, ყველა ლაპარაკობს ეკონომიკურ პრობლემებზე, მაგრამ არსად არავინ, რომ გითხრათ, თბილისის ცენტრის პოლიტიკოსების ტერმინოლოგიით ლაპარაკობს, ეს ასე არ არის, ნამდვილად. ხალხი ამ კატეგორიებით არ აზროვნებს, ისინი ფიქრობენ იმ საკითხებზე, რომელიც მათ აღელვებთ და მათ აინტერესებთ და ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს.

და მეორეს მხრივ,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაც ხდება, არის ყველაფრის დაწმენდა და ყველაფრის ყველასთვის გარკვევა. აი თუ ვინმეს დანახვის უნარი აქვს და ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყველაფრის დანახვის უნარი აქვს და ძალიან ბრძენია ხალხი  ყველაფერს მშვენივრად ხედავს, ყველაფერს მშვენივრად აფასებს და იმედი მაქვს, რომ ეს შეფასება და დანახული, თუნდაც ამ ბოლო დღეებში, ჩვენს საზოგადოებას გაყვება დიდხანს იმისათვის, რომ ჩვენში იყოს გრძელვადიანი სტაბილურობა, იყოს გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა და ჩვენ მივხვდეთ, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მსოფლიოში კრიზისი მძვინვარებს.

ეს ურტყამს თითოეული ქართველის ოჯახს, თითოეული ქართველის ჯიბეს, თითოეული ქართველის კეთილდღეობას აყენებს დარტყმის ქვეშ და ეს არის ზუსტად ის, რაზეც დღეს ფიქრობს ქართველი ხალხი და არა სხვადასხვა პოლიტიკური ინტრიგები და როცა პოლიტიკოსები მხოლოდ ფიქრობენ საკუთარ თავზე.

მე ვფიქრობ, ვინც არ ფიქრობს საკუთარ თავზე და ფიქრობს ხალხზე, ის ყოველთვის ილაპარაკებს და გამონახავს საერთო ენას სხვა პოლიტიკოსებთან”.

Exit mobile version