ოპოზიციამ პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნა ”გვერდზე უნდა გადადოს,” თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ამ მოთხოვნაზე საერთოდ ”უარი თქვას,” ხელისუფლება კი ”კეთილსინდისიერად” უნდა ჩაერთოს დიალოგში და არ გამოიყენოს ის ოპოზიციის ”მარგინალიზაციისთვის,” – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ.
17 აპრილს რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ორი საკითხი შესაძლოა იყოს იმ დათმობების ნაწილი, რომელზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს. სემნებიმ, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად შუამავლის როლი არ აკისრია, თბილისში ბოლო დღეების მანძილზე შეხვედრათა მთელი სერია გამართა ოპოზიციის ლიდერებთან, ხელისუფლების და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
”რა თქმა უნდა, არის გარკვეული დათმობები, რომელზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს და რა თქმა უნდა, რჩევა, რომელსაც ჩვენ ვიძლევით და რომელსაც სხვებიც იძლევიან, არის ის, რომ მომიტინგეთა მთავარი მიზანი – პრეზიდენტის დაუყონებლივ გადაყენება – გვერდზე უნდა გადაიდოს,” – განაცხადა სემნებიმ, ”მე არ ვამბობ, რომ მათ ამაზე უარი უნდა თქვან. ნებისმიერ დემოკრატულ სახელმწიფოში ლეგიტიმური უფლებაა ნებისმიერი პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება, თუ ეს კონსტიტუციულ ჩარჩოებს არ სცილდება”.
”მაგრამ დიალოგის უზრუნველყოფას, რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარება ის, რომ უპირატეს მიზნად გქონდეს მოლაპარაკებებში შენი პარტნიორის თანამდებობიდან დაუყოვნებლივი წასვლა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა ცხადია შესაძლოა დარჩეს, ასევე უნდა გაიმართოს დიალოგი კონსტიტუციურ საკითხებზე, საარჩევნო საკითხებზე და ასე შემდეგ, რომელშიც უნდა ჩაერთოს საქართველოს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა,” – განაცხადა მან.
მთავრობასთან მიმართებით მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება უნდა ჩაერთოს დიალოგში ”კეთილსინდისიერად” და არ უნდა გამოიყენოს მოლაპარაკებები ”ოპოზიციაზე დამატებითი ზეწოლის, მისი მარგინალიზაციის და შევიწროების საშუალებად; პირიქით, მე ვიტყოდი, [ხელისუფლებამ მოლაპარაკებები ოპოზიციის] გასაძლიერებლად უნდა გამოიყენოს.”
დიპლომატის თქმით, აქციებმა ოპოზიციას ”გარკვეული ბერკეტები” მიანიჭა და მის ინტერესებში არ შედის, რომ დემონსტრაციები ”განელდეს.”
თუმცა, მან ასევე გააფრთხილა ოპოზიცია, რომ ”ეს ბერკეტი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და ამიტომ მათ [ოპოზიციის] ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ეს კონსტრუქციულად გამოიყენონ მანამ, სანამ ეს [ბერკეტი] არსებობს, ”
მან ასევე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ თუ ეს დემონსტრაციები ისე დასრულდება, რომ არ მოგვარდება ”ფუნდამენტალური, ძირეული” პოლიტიკური საკითხები, მსგავსი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც დღეს არის, კვლავ განმეორდება ”არ ვიცი რამდენ – სამ, ოთხ, ექვს, თუ თორმეტ თვეში”.
”ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ გაირღვეს ის წრე, რომელშიც საქართველო უკვე დიდი ხანია იმყოფება, როდესაც საკითხების გადაწყვეტა ქუჩაში ხდება. ეს არ არის ის გზა, რომლითაც თანამედროვე დემოკრატიებში საქმე კეთდება,” – განაცხადა სემნებიმ, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ საპროტესტო აქციები დემოკრატის ნაწილია და დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.
მისი თქმით, ფსონები ძალიან მაღალია და ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ეს კარგად ესმით.
”სასწორზე დევს საქართველოს მომავალი, თუ როგორ იმართება საქართველო, საქართველოს პოლიტიკური კულტურა, როგორ აღიქმება საქართველო მსოფლიოს თვალში, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ შეძლებენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები საქართველოსთან ურთიერთობას,” – განაცხადა მან, ”ამრიგად არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც სცდება იმ უფრო ვიწრო საკითხებს, რომლებიც ახლა პარლამენტის წინ ყურადღების ცენტრშია. სწორედ ეს არის, რაც ახლა სასწორზე დევს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ევროკავშირი მზად არის განიხილოს ”ნებისმიერი როლი”, რომელიც შესაძლოა მან ითამაშოს მხარეებს შორის მოლაპარაკებებში. თუმცა, მისი თქმით, ეს ჯერ დღის წესრიგში არ დგას.