ქრისტიან-დემოკრატები დიალოგის ახალი ინციატივით გამოდიან

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას და არასაპარლამენტო ოპოზიციას 7-პუნქტიან გეგმას თავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დიალოგის უზრუნველყოფის წინაპირობად უნდა იქცეს.

შვიდპუნქტიანი გეგმა ეხება სასამართლო სისტემას, საარჩევნო კომისიას, მედიას და სამართალდამცავ სტრუქტურებს, კერძოდ: 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”პოლიტიკური კრიზისი შედის ჩიხში”  და ”დაძაბულობის განმუხტვის თითქმის არანაირ გზას საზოგადოება ვერ ხედავს”.

”ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა შეიქმნას რეალური წინაპირობები დიალოგის წარმოებისთვის თვით ყველაზე რადიკალური ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებთან,” – განაცხადა თარგამაძემ.

ქრისტიან-დემოკრატები 9 აპრილის შემდეგ შედარებით ნაკლებ აქტიურობას იჩენენ. თუმცა აქციებამდე პარტია მოუწოდებდა ოპოზიციურ პარტიებს უარი ეთქვათ რადიკალურ პოზიციაზე და ამის სანაცვლოდ ხელისუფლებასთან დიალოგი გაემართათ ზომიერი მოთხოვნებით. მათი თქმით, ამგვარი ტაქტიკა უფრო შედეგიანი იქნებოდა.

მარტის დასაწყისში თარგამაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ საქართველოში არ არის არც საჭიროება, არც საჭირო რესურსები ახალი რევოლუციისთვის.

”ჩვენც მიგვაჩნია, რომ სააკაშვილია პრობლემის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ჩვენი  ტაქტიკა რადიკალური ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, რომ ამოცანათა ჩამონათვალში სააკაშვილის წასვლა პირველი არ გვაქვს დაყენებული,” – განაცხადა თარგამაძემ მარტში, ”ეს იქნება ობიექტური და გარდაუვალი შედეგი იმ ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს”.

თუმცა აპრილის აქციების ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა უარყვეს თარგამაძის შეთავაზება, როგორც დაგვიანებული და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომის თაობაზე არ შეიცვლება. დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიტინგზე გამოსვლისას, თარგამაძის ინიციატივას დაგვიანებული უწოდა. 

”დღეს გახმოვანდა ეს ინიციატივები, რომლების უნდა გახმოვანებულიყო რამდენიმე თვის წინ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მაშინ რომ ყველაფერი მიეშვა თავის დინებაზე… ახლა როდესაც დაინახა, რომ ხალხი ვართ ერთიანი, ჩვენ ოპოზიციაში ვართ ერთიანი… დაიწყეს ფიქრი იმაზე როგორც გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან,”- განაცხადა მან, ”ამ ქვეყნის პრობლემა ნამდვილად არ არის არც კუბლაშვილი და არც თარხნიშვილი. ჩვენ ცვლილება პრეზიდენტიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტთ აქციებს მანამ, სანამ არ გადადგება პრეზიდენტი”. 

საქართველო გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიტინგზე განაცხადა: ”თარგამაძე არის ის პარტია, რომელიც შექმნილი იქნა მიშას მიერ, როცა დასჭირდა შიგნით ოპოზიცია პარლამენტში  და სხვა არ ჰყავდა, დაფინანსებული მერაბიშვილის მიერ, როცა მათ დასჭირდათ მართული ოპოზიცია და დღეს ეს ბატონი თარგამაძე ცდილობს მოსახლეობაში შეიქმნას რაღაცა ეჭვი რაღაც დიალოგზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version