პოლიცია არ აპირებს ჩაერიოს დაგეგმილ საპროტესტო აქციებში და მომიტინგეებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოხატონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, თუ ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 8 აპრილს.
”რევოლუციის შანსი არ არის,” – განაცხადა მან ”როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”საპროტესტო აქციები ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. აქციის მონაწილეებსაც აქვთ თავიანთი ზღვარი. თუ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩვენი ტაქტიკა იქნება, რომ არ ჩავერიოთ და ხელი არ შევუშალოთ მომიტინგეებს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვაში,” – განაცხადა მერაბიშვილმა.
”ჩემი თანამდებობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რამე გამოვრიცხო, თუმცა როგორც ჩემი განწყობა მკარნახობს, არანაირ ძალადობას ადგილი არ ექნება,” – დასძინა მან.
კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც იმავე დღეს მერაბიშვილმა სააგენტო ”ფრანს პრესს” მისცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება საპროტესტო აქციების მიმართ გამოიჩენს ”მაქსიმალურ მოთმენას.”
”არ იქნება არანაირი პირდაპირი დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებ შორის,” – თქვა მერაბიშვილმა. ”მაგრამ თუ ოპოზიცია შეეცდება შევიდეს და დაიკავოს [სამთავრობო] შენობები, პოლიცია ამ შემთხვევაში შეაჩერებს ამ შეტევას,” – დასძინა მან.
მისი თქმით, პოლიცია ”კონცენტრირებული” იქნება სახელმწიფო შენობების დაცვაზე, ”რათა შესაძლო რადიკალურად განწყობილ მომიტინგეთა ნაწილს არ მივცეთ საბაბი და საშუალება, რომ მოხდეს სერიოზული დაპირისპირება”.
ტელეკომპანია ”მაესტრომ” გაუშვა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ შედიან სპეციალურად აღჭურვილი პოლიციის ნაწილები საქართველოს პარლამენტის და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში.
აპრილს საპროტესტო აქციებში მონაწილე ათზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მათი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 8 აპრილს: ”პირადად მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის, რის გაკეთებასაც ხვალ ვცდილობთ… არ არის რევოლუციის მოწყობა”.
”ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის დავანახოთ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საზოგადოების მხრიდან არსებობს უზარმაზარი უნდობლობა ხელისუფლების მიმართ,”- განაცხადა მან.