ალიანსი საქართველოსთვის 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს შორის იქნება

დღეს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 9 აპრილიდან დაგეგმილი აქციების თანამონაწილენი ხდებიან და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას ამ პროტესტის მშვიდობიან წარმართვაზე.

”ალიანსი მოუწოდებს ხელისუფლებას მანაც საჯაროდ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არ ეცდება არეულობის პროვოცირებას და არ იმოქმედებს ძალადობრივი მეთოდებით,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს ალიანსის აქტივისტების შეკრებაზე.

ალიანსი, რომელიც ირაკლი ალასანიას გუნდს, ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს აერთიანებს, დღემდე სიფრთხილით უდგებოდა აქციის ორგანიზატორობის საკითხს.

”ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანია იმ გეგმებში, რომელიც ითვალისწინებს 9 აპრილს მასიური საპროტესტო აქციის გამართვას – ეს მოდის თავად საზოგადოებიდან, რაც დაადასტურა პლებისციტმა და ზოგადად, განწყობამ საზოგადოებაში,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, აქციების ხანგრძლივობა და შედეგიანობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მტკიცე და ფართომასშტაბიანი იქნება ის.

”ცხოვრების ასე გაგრძელება არცერთ მოქალაქეს არ სურს და ჩვენი გზა იმდენად სამართლიანია, რომ დარწმუნებული ვარ წარმატებაში,”- განაცხადა ალასანიამ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი იქნება დიალოგი, რათა ”ქვეყანას ავაცილოთ დაპირისპირება”. 

”დიალოგისთვის მზადყოფნა არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხალხის ნება იქნება ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული და მათი მხრიდან იქნება ადეკვატური წინადადებები და არა ისეთი არასერიოზული წინადადებები, რაც გვესმის ამ დღეებში”- განაცხადა ალასანიამ.

მან მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს ”საკუთარი თავი ისტორიაში შეიყვანოს, როგორც სტაბილურობის ხელშემწყობი” და დატოვოს პოსტი, რისი ”შანსიც მას ახლა ეძლევა”.

”ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოს შეუძლია გამოვიდეს ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული,”- განაცხადა მან.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ალიანსი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზად მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლას მიიჩნევს.

”თუ ამ კრიზისის დაძლევის რამე სხვა სქემა აქვს ვინმეს, უთხრას ხალხს. 9 აპრილს მოდის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ის ხალხი გადაწყვეტს რომელი ვერსია ჯობია,”- განუცხადა უსუფაშვილმა Civil.ge-ს.

Exit mobile version