ბაქრაძე იმედოვნებს, რომ დიალოგს მეტი ოპოზიციური პარტია შეუერთდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმა ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დიალოგს და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესს გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა პარტიებიც შეუერთდებიან.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას მან კიდევ ერთხელ შესთავაზა დიალოგი 9 აპრილის აქციების მხარდამჭერ ძალებს  – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე; სამომავლო საკონსტიტუციო რეფორმასა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე; ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე; დემოკრატიის ხარისხის გაზრდაზე; ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

”ჩვენი მხრიდან არსებობს კონკრეტული მზადყოფნა კონკრეტულ თემებზე,”- განაცხადა მან. ”ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით იმისაკენ, რომ დავანახოთ ყველას, რომ ქვეყანაში არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდება ნორმალური, პოლიტიკური დიალოგის პირობებში”. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ შეთავაზებას მათი მოთხოვნის – გადადგეს სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების – არაადეკვატურს უწოდებს და ”დიალოგის იმიტაციის” მცდელობად აფასებს.

ბიუროს სხდომაზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დიალოგის მოტივაცია გაუჩინოს 9 აპრილის ორგანიზატორ პარტიებს, რადგან როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიცია, რომელთანაც ხელისუფლება დიალოგს აწარმოებს, ”არ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელიც ძაბავს პოლიტიკურ ატმოსფეროს ქვეყანაში”.

”არის ნაწილი პოლიტიკური პარტიების, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთ დიალოგს დღეს აზრი არ აქვს,”- განაცხადა საპასუხოდ დავით ბაქრაძემ, ”მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ პარტიების ნაწილი მაინც დაინახავს, რომ დიალოგის გზა არის ბევრად უფრო პერსპექტიული, ვიდრე რადიკალური მოქმედებები”. 

დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გამართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლევან ვეფხვაძემ, დეპუტატმა პარტიიდან ჩვენ თვითონ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ და ამავე პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო სამოქალაქო საზოგადოების რამოდენიმე წარმომადგენელი.

შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მათ იმსჯელეს შესაძლო საკონსტიტუციო რეფორმის მომზადების მიზნის სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ.  

”ეს ხანგრძლივი პროცედურაა და ამას სჭირდება ყველა დეტალი განვიხილოთ,”- განუცხადა შაშკინმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტი არ აქვს მომზადებული. მისი თქმით, ამ თემაზე დიალოგია საჭირო და არა ცალმხრივი გადაწყვეტილებები. ”ჩვენთვის ყველა თემა არის გახსნილი და ველოდებით მათგან წინადადებებს,” – განაცხადა კუბლაშვილმა.

Exit mobile version